22-05-2023
„ეს ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გამოირჩევა იმით, რომ ასრულებს დაკვეთას - შეიქმნას ახალი ქართველი. ცდილობენ, რომ შეცვალონ ჩვენი ცნობიერება და მრწამსი. ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდით, ყვარელში განვითარებული მოვლენები, უცხო და მიუღებელია ჩვენთვის. მაგრამ, გაიხსენეთ, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, როგორ მოექცნენ თანამოქალაქეებს? ნაწილს რომ ჩარეცხილები უწოდეს. ეს შემთხვევითობა არ იყო“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა, როცა არ შეუერთდა იმ ნარატივს, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომში და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ხოლო, ამის საწინააღმდეგოა ის ქმედებები, რასაც ოპოზიცია გარედან დაკვეთით ახორციელებს.
„გაიხსენეთ ის ნარატივი, რომ სახელმწიფო სააკაშვილმა შექმნა და მანამდე თურმე არ არსებობდა. ხელისუფლებაში ყოფნისას „ახალი ქართველის“ გამოყვანა რომ არ გამოუვიდათ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ეს საშინელი და მავნე ძალა გავისტუმრეთ, ახლა თავიანთი შვილების თაობის გარყვნა დაიწყეს.
ვხედავთ, როგორ ასრულებს უკვე ახალგაზრდების ნაწილი მათ დაკვეთებს, რომელიც, თითქოს პატრიოტული მოტივით არის გაჯერებული და სინამდვილეში ქსენოფობიურია. მადლობა ღმერთს, არსებობს არქივი, სადაც ჩანს, 2008 წლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება როგორ ეპატიჟება რუსებს საქართველოში.
„ხალხის ძალა“ სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მსგავს სიმართლეს მოფინოს ნათელი. ვალდებულება ავიღეთ, რომ საზოგადოებას ის ინფორმაცია დოზირებულად უნდა მივაწოდოთ, რაც გარშემო ხდება.
ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ესენი არიან დაკვეთების შემსრულებელი მავნე ძალა. ამაზე ფაქტებით შეგვიძლია საუბარი. მათი არც ერთი ქმედება არ გვახსოვს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდა. ხაზი უნდა გავუსვათ თინათინ ბოკუჩავას კომენტარს, როცა თქვა, რომ 2008 წელს სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო რუსეთთან ურთიერთობის მხრივ და დღეს სხვა არისო - წარმოგიდგენიათ?
საკუთარი ქვეყნის ომს, ახლა რომ სპეკულირებენ ანწუხელიძის სახელით, ეს ნაძირალები, არაფრად მიიჩნევენ და უკრაინის ომი აქვთ მაგალითად. ესენი არიან აგენტები - ზოგი გამიზნულად, ზოგი უნებლიედ უცხო ძალის დაკვეთებს ასრულებს. ანუ, ამათი დამკვეთისთვის ჩვენი ქვეყნის ომი 2008 წელს სხვა მნიშვნელობის იყო, თურმე, გადატვირთვის პოლიტიკა იყო.
თურმე, ამ გადატვირთვის პოლიტიკის გამო შეეძლოთ ხელი მოეწერათ რეზოლუციისთვის, სადაც საკუთარ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთისთვის მიეყიდათ, რუსი ტურისტები შემოეშვათ, რომელთაც პირდაპირ პრეზიდენტი სააკაშვილი ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ამას მიესალმებოდა მაშინდელი „ელიტა“ და ესენი დღეს მიხსენებენ ანწუხელიძის სახელს. წარმოიდგინეთ, ცხედრები რომ გაციებული არ იყო, ისე აზეიმეს ხალხს წაგებულო ომი ამ ნაძირალებმა და დღეს რას სჩადიან.
ნუთუ არ ჩანს ეს ყველაფერი? ჩვენი ვალდებულებაა არ დავიღალოთ და მუდმივად ვამხილოთ ეს ადამიანები, რადგან მავნებლები არიან. საქართველომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა - არ შეუერთდა იმ ნარატივს, რომ უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომში და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ტერიტორიები და ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ. ამის საწინააღმდეგოა ის ქმედებები, რასაც ეს მავნებლური ძალა, ოპოზიციის სახელით, გარედან დაკვეთით ახორციელებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024