22-05-2023
„მას შემდეგ აღარ ვცემ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პატივს, როცა პრეზიდენტი გახდა და „ნაციონალური მოძრაობა“ - ძალა რომელიც გარე და ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს ასრულებს და „ქართული ოცნება“ - ძალა, რომელმაც ეს სამარცხვინო ძალა შეცვალა და ამ შეცვლაში თავადაც მონაწილეობდა, რადგან მაშინდელი ოპოზიციის მხარეს იყო, ერთ სიბრტყეზე დააყენა“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა განიხილა პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და ოპოზიციისთვის სასურველ კონტექსტს ატარებდა.
„ამის მერე დავფიქრდი, რომ ამ ადამიანს შეიძლება გააზრებული არ აქვს რას და როგორ ამბობს. რა თქმა უნდა, ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ ამ მავნებლური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა არ გაიაზროს, თუ რა გააკეთა და მასთან ერთ სიბრტყეზე დააყენოს ის ძალა, რომელმაც პრეზიდენტად მოიყვანა, ეს ჩემთვის მიუღებელია.
სალომე ზურაბიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სამწუხაროდ, იკვეთება ის მიმართულება, რომ პრეზიდენტიც ჩართულია გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შესრულებაში. მისი თითქოს გაუაზრებელი განცხადებები იმ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებულია, მაგრამ თან შიში აქვს, რომ საზოგადოების აგრესია არ გამოიწვიოს, ამიტომ, შუაში თამაშობს. მაგრამ, ვინ ჰგონიათ ქართველი ხალხი, ნუთუ, ვერ იაზრებენ, რომ ეს ყველაფერი ჩანს? აქ მთავარია სიფხიზლე. ყოველ ჯერზე ჩვენს საზოგადოებას, რომლის ძალას და მხარდაჭერას ვგრძნობ, მოვუწოდებ სიფხიზლისკენ. რაღაცას რომ ვამხელთ, იქ არ მთავრდება პროცესი. პირიქით, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, ეს პროცესი უფრო მძაფრდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024