სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.
სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ. ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.