30-05-2023
ვკითხოთ ხალხს, შეიძლება თანახმაა 2,5 - 4,5 მილიარდი დოლარის დაკარგვაზე, მაგრამ ვკითხოთ, მაგალითად, უნდათ თუ არა აჭარაში ჩვენ მოქალაქეებს, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის. კახეთში ვკითხოთ ფერმერებს, უღირთ თუ არა მთელი წლის შემოსავლის გაშვება, მოსავლის გაფუჭება, კრედიტების დატოვება საკუთარი შვილებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსულ ეკონომიკას ნულოვანი ზიანი მიადგებოდა, ქართული ეკონომიკისთვის კი უმძიმესი შედეგები იქნებოდა.
„სანქციების დაწესების პირობებში 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა პირველივე წელს, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, სურთ თუ არა საკუთარი სამუშაო ადგილების დაკარგვა, მათი ახლობლების, ნათესავების სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების შემცირება და ა.შ. საუბარია არა მარტივ შედეგებზე, საუბარია უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებზე.
ასევე, არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს კანდიდატის სტატუსი იქნებოდა კომპენსაცია ამ ყველაფრისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ორი წლის განმავლობაში, ჩვენი და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება ჩვენს სასარგებლოდ 8 მილიარდი დოლარით, აქედან ჩანს, რომ ესეც ცარიელი სპეკულაციებია, არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსსა და ეკონომიკის ზრდას შორის სინამდვილეში არ არსებობს.
კიდევ ერთხელ რომ შევაჯამო, ერთი - ვერ დავუშვებთ ესკალაციას და მეორე ფრონტისკენ ნაბიჯების გადადგმას და მეორე - ვერ დავუშვებთ ეკონომიკურად საკუთარი ხალხის დასჯას, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არ განიხილება. ჩვენ, ორი წლის წინ გვქონდა ეკონომიკა, 4 250 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8 000 დოლარს გადააჭარბებს, 3 წელიწადში დაახლოებით, 2-ჯერ იზრდება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ეკონომიკა. გვაქვს სავალუტო ფონდის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები, 2025 წლისთვის ჩვენ გადავაჭარბებთ 10 000 დოლარს, 2030 წელს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს.
ეს არის ჩვენი მიზანი. აქეთ უნდა ვიაროთ იმისთვის, რომ აღმოიფხვრას სიღარიბე, რომ დაუახლოვდეთ კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტს, ეს არის უალტერნატივო გზა და არა ის გზა, რომელსაც გვთავაზობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და სამწუხაროდ, რომელსაც გამოეხმაურა ამ შემთხვევაში ის დემარში, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე და მომავალშიც ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული პირველ რიგში სწორედ საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024