4-06-2023
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ ვერ შეუშალა ხელი დასავლეთიდან იმპორტს - აღჭურვილობის მიწოდებას ახორციელებენ კონტრაქტორები, რომლებიც სასანქციო სიებში არ მოხვდნენ. ევროპელი ბიზნესმენები კვლავ ყიდიან პროდუქციას რუსულ კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ რუსულ ჯარს მიკროჩიპებით რაკეტებისთვის, ჭურვებით, მცველებით, ჯავშანჟილეტებით, ძრავებით სამხედრო გემებისთვის და მრავალი სხვა საქონლით. The Insider-ი ადასტურებს, რომ მიწოდება ხორციელდება გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან.
სტატიაში მოყვანილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების მიუხედავად რუსულ ჯარს ამარაგებენ. ასეთია, მაგალითად, მოსკოვში მდებარე შპს „სტანი“, რომელიც შედის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ სტრუქტურაში. მიუხედავად იმისა, რომ „როსტეხის“ წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, გერმანულმა კომპანია Vansped Logistics-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის ივლისში „სტანს“ ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდა. თავის მხრივ, „სტანი“ რუსეთის რამდენიმე თავდაცვითი საწარმოს მიმწოდებელია. კერძოდ, კომპანიამ ჩაატარა 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება. ასევე „სტანი“ აწვდიდა აღჭურვილობას კომპანია „სტრელას“, რომელიც გემსაწინააღმდეგო რაკეტებს აწარმოებს. სახელმწიფო შესყიდვების ბაზის თანახმად, „სტანს“ დადებული აქვს 125 კონტრაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 14 მილიარდ რუბლს (173 მლნ დოლარი) აჭარბებს.
კიდევ ერთი მაგალითის სახით სტატიაში მოყვანილია ფრანგული კომპანია Marchante, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსულ კომპანია „კურგანპრიბორს“ ტექნიკურ ნაწილებს აწვდიდა. მიწოდების შეწყვეტისკენ ფრანგულ კომპანიას არ აჩერებდა არც ის, რომ „კურგანპრიბორი“ კონცერნ „კალაშნიკოვის“ ოფიციალური პარტნიორია, და არც ის, რომ კომპანიას რუსი სენატორი სერგეი მურატოვი ფლობს.
„კურგანპრიბორი“ ევროკავშირის სასანქციო სიაში მხოლოდ დეკემბერში მოხვდა, თუმცა სენატორ მურატოვს პერსონალური სანქციები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში დაუწესდა. რა თქმა უნდა, მურატოვი რუსეთში უკრაინის შეჭრას უჭერს მხარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ამით პირად სარგებელს ნახულობს. „კურგანპრიბორი“ აწარმოებს ამფეთქებს ტანკებისთვის, ქვეითი და საზღვაო არტილერიისთვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, მათ შორის „სმერჩისა“ და „გრადისთვის“, რომლებსაც ხშირად სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებისთვის იყენებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
16-11-2024
16-11-2024