4-06-2023
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის როგორც ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე, ინფორმაციას ღვინის ინდუსტრიაში არსებულ ტექნოლოგიებზე, მანქანა-დანადგარებს, აქსესუარებსა და სერვისებს. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის ექსპორტის ფორუმი - Winexpo Forum. ფორუმზე შეხვედრები გაიმართა ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში მოეწყო სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი მონაწილეობდა.
ტრადიციულად, გამოფენის ფარგლებში,საერთაშორისო კონკურსი Georgian International Wine Award ჩატარდა. ჟიურის შემადგენლობაში 5 ქვეყნიდან 11 ცნობილი ღვინის მაგისტრი და სომელიე შედიოდა, რომელთაც 250-მდე ღვინო შეაფასეს. გამარჯვებული ღვინოები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
კონკურსის ჟიურის თავჯდომარეობდა ღვინის ცნობილი მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი - მრავალი ჯილდოს მფლობელი, ღვინის მწერალი, ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.
ჟიურის წევრი იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
„მსგავსი მასშტაბის კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რაოდენობა, რაც მოწმობს, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო მეტად ვითარდება, იქმნება ახალი ღვინის კომპანიები, ინერგება წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და იზრდება ქართული ღვინის ხარისხი. ხაზი უნდა გაესვას, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებისთვის, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა კონკურსის Wine Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია. პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის ტურიზმის კონკურსში Wine Travel Awards 300-მდე კომპანია მონაწილეობდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. საქართველოდან წარმოდგენილმა კომპანიებმა: „მეღვინეობა შუმი“, „შატო მუხრანი“, „ასკანელი“, „ვინექსპო ჯორჯია“; ასევე,ღვინის ბლოგერებმა - სოფია ნიკაბაძემ და დარია ხოლო დილინამ გაიმარჯვეს სხვადასხვა ნომინაციაში ონლაინ ხმის მიცემით. აქედან, „მეღვინეობა შუმმა“ გაიმარჯვა 7 ნომინაციაში ხმის მიცემით, ასევე, კონკურსის ჟიურისგან მიიღო 3 უმაღლესი ჯილდო - ტროფი: Art & History Object (ხელოვნებისა და ისტორიის ობიექტი), Must Visit (აუცილებლად სანახავი), Progressive Approach (პროგრესული კონცეფცია).
„ექსპოჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს. გამოფენა 2 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და კონკურსის Georgian International Wine Award ჟიურის თავჯდომარემ, ღვინის მაგისტრმა, ტიმ ატკინმაგახსნეს.
16-11-2024
16-11-2024