გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ვერ მივიღეთ, საზოგადოება უკვე იმ კითხვებს სვამს, რაც საჭიროა - საიდან მოდის ესა თუ ის ფინანსები? ვინ ვის აფინანსებს? რატომ?

6-06-2023

„პროტესტის გამო მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ შეიტყო, რომ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ვცდილობდით; ამას გარდა, საზოგადოებაში იმდენად მწვავე დებატები გაიმართა, რომ მგონი, ახლა უკვე ყველამ წაიკითხა ეს კანონი და ამ დიდი აჟიოტაჟის გამო დღეს უკვე ყველა სვამს კითხვას - საიდან მოდის ესა თუ ის ფინანსები? ვინ ვის აფინანსებს? რატომ?“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, კანონის წინააღმდეგ არსებულმა პროტესტმა ის უფრო ცნობადი და პოპულარული გახადა.


„გამჭვირვალობის შესახებ კანონი კარგი იქნებოდა იმისთვის, რომ გაგვეგო, რა დაფინანსება საიდან მოდის და რას უნდა მოხმარდეს. თუმცა, რადგან ეს მოვლენები მაინც განვითარდა და წარსულს ვერ შევცვლით, მოდი, მათ დადებითი კუთხით შევხედოთ: ვთქვათ, არ გაპროტესტებულიყო ეს კანონი და ჩვენს მიერ შექმნილი ქართული ვარიანტი მიგვეღო, რომელიც გამჭვირვალობას შეეხებოდა (რადგან თავიდან ამერიკული ვარიანტის მიღებას არ ვაპირებდით, რომელიც აგენტებს შეეხებოდა), ყველაფერი ჩვეულებრივად, უღიმღამოდ ჩაივლიდა, როგორც ზოგიერთ სხვა კანონსა და საკანონმდებლო ცვლილებაზე ხდება, დიდად რომ არავის აინტერესებს ტექნიკური დეტალები და არც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, შესაბამისად, არავის არაფერი ეცოდინებოდა, რეესტრიც შეიქმნებოდა, რომელიც, იქნებოდა რომელიმე ვებგვერდზე, მაგრამ ათასში ერთხელ ვინმე თუ შეიხედავდა და გადაამოწმებდა რაიმე ინფორმაციას.


ახლა კი, გვაქვს რეალობა, რომ ამ უზარმაზარი პროტესტის გამო მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ შეიტყო, რომ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ვცდილობდით; ამას გარდა, საზოგადოებაში იმდენად მწვავე დებატები გაიმართა, რომ მგონი, ახლა უკვე ყველამ წაიკითხა ეს კანონი (მაშინ, როცა, ჩვენი კვლევის მიხედვით, რომელიც ერთი თვის წინ ჩავატარეთ, გაპროტესტების პროცესში საზოგადოების მხოლოდ 18%-ს ჰქონდა ამ კანონისთვის თვალი გადავლებული) და ამ დიდი აჟიოტაჟის გამო დღეს უკვე ყველა სვამს კითხვას - საიდან მოდის ესა თუ ის ფინანსები? ვინ აფინანსებს? რატომ? ამ კანონის წინააღმდეგ აგორებული პიარკამპანიის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო იყო ის, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ სწორად შეარჩია ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც საზოგადოებაში წითელი ხაზია - „რუსული“.


აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს რუსული დაარქვეს. ასევე, აპელირებდნენ, რომ სიტყვა „აგენტი“ უარყოფითი კონოტაციისაა ქართულ სინამდვილეში. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც რადიკალი ოპოზიციონერები უცხოელებს უხსნიდნენ, თუ რატომ აპროტესტებდნენ ამ კანონს, ასეთი რეკომენდაცია ჰქონდათ მიღებული, რომ უცხოელებთან სიტყვა „აგენტი“ არ გამოეყენებინათ, რადგან ინგლისურ ენაში ეს ძალიან ჩვეულებრივი, უწყინარი სიტყვაა, რომელიც სხვისი ინტერესების წარმომადგენელ ადამიანს ნიშნავს. მაგალითად, ლიტერატურული აგენტი, სოციალური აგენტი, სადაზღვევო აგენტი და ა.შ. და გამოეყენებინათ სიტყვა „სფაი“ (spy), რაც ინგლისურად „ჯაშუშს“ ნიშნავს, რომ ამით, ვითომდა უკეთ აეხსნათ უცხოელებისთვის, რატომ აპროტესტებდა ამ კანონს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, ეს კანონი ვერ მივიღეთ, მისი ამოქმედების გარეშე სვამს საზოგადოება უკვე იმ კითხვებს, რაც საჭიროა. როგორც ვხედავ, უკვე ბევრი კითხულობს ამერიკულ FARA-ს.


FARA-დან ვიგებთ სწორედ კეზერაშვილის თუ სააკაშვილის პიარკამპანიის შესახებ. ასევე, გამომჟღავნდა ელენე ხოშტარიას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსული რუბლებით დაფინანსებული საქმიანობა. წარმოიდგინეთ, „ოცნების“ რომელიმე წევრს თუნდაც 100 რუბლი რომ მიეღო, რა ამბავი ატყდებოდა სრულიად მედიასივრცესა და პოლიტიკურ სარბიელზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930