გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და ამ კონტექსტში სიტყვა „მუქარის“ შემოტანა უადგილოა, გაითვალისწინონ, რომ პარლამენტს თუ ვინმე ელაპარაკება, ელაპარაკება ქართველს ხალხს

7-06-2023

სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.


„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა.


დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არწარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოების მოლოდინია, რომ ყველა უნდა იყოს კონსტრუქციული.


„ჩვენი ხალხის მოლოდინი ყველას და, მათ შორის, პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ იყვნენ კონსტრუქციული. ქართველ ხალხს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება ცესკო თუ ეროვნული ბანკი, რომელიც, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა უნდა აირჩიოს, კანდიდატის წარდგენის დროს კონსტრუქციული უნდა იყოს პრეზიდენტი. სამწუხაროა, რომ ამ კონსტრუქციულობას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, როცა საუბარია ამა თუ იმ კანდიდატზე, ყოველთვის გამოდის, რომ ყველა ამბობს, კანდიდატი არის პროფესიონალი, გამოცდილი და ამა თუ იმ თანამდებობაზე განწესება დამსახურებულად ეკუთვნის, მაგრამ შემდეგ არახელშესახები, ბუნდოვანი გამონათქვამებით ჟონგლუორობენ იმისთვის, რომ ერთ რამეს მიაღწიონ. ოპოზიციის მიზანია, როგორც ცესკო-ში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბანკში მათი წარმომადგენლები იყვნენ რამენაირად ასეთ პოზიციებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნან. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც სინამდვილეშია, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკომპლექტება ოპოზიციას თავისი კადრებით სურს იმისთვის, რომ დესტრუქცია მოახდინონ შემდეგ ამ ინსტიტუტების საქმიანობისას. საპარლამენტო მდივნის განცხადება არის მიუღებელი, პარლამენტის უფლებამოსილებაა, კანონები მიიღოს. მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს აქვს შენიშვნები – შენიშვნები გაიზიაროს ან არა.


საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სიტყვა „მუქარის“ შემოტანა უადგილოა. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტი. ასე რომ, თუ ვინმე ელაპარაკება საქართველოს პარლამენტს, ელაპარაკება ამით ქართველს ხალხს.


ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ ეს ასპექტი. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930