გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
$600-მილიონიანი კერძო მუზეუმი იაკობაშვილისგან

19-08-2018

კოლექციაში დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი ცნობილი ოსტატების მიერ შექმნილი სუფრის ჭურჭელი. 2000-ის დასაწყისსა და შუა პერიოდში რუსეთის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების რევოლუციამდელ ნიმუშებზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, ამ აჟიოტაჟმა კი ფასების ზრდა და ბაზრის ყალბი ნამუშევრებით გაჯერება გამოიწვია. ამ მოთხოვნას მსოფლიოს უდიდესი სააუქციონო სახლებიც კი ვერ უმკლავდებოდნენ, ბაზარი გაივსო ყალბი ნამუშევრებით და კომპილატებით (როდესაც, მაგალითად, ძველ ნამუშევარში მინა ან სხვა დეტალია შეცვლილი, ან ძველი ფრაგმენტებით ახალი საგანია აწყობილი).

ამერიკაში, მაგალითად, სახელოსნოებიც კი არის გახსნილი, სადაც იუველირები ნამუშევრებს ფაბერჟეს, ლორიეს, კურლიუკოვის, საზიკოვის ფირმის ისტორიულ დამღას ასვამენ და გამოდის, რომ 150 წლის ოსტატი ცოცხალია, თავსაც მშვენივრად გრძნობს და აქტიურადაც მუშაობს.

ცხადია, გაყალბებული ნამუშევრები მეც შემიძენია.

 

ფრანგული მინის ნაწარმის კოლექციისთვის ემილ გალეს, ფრანსუა-ემილ დეკორშემონის, გაბრიელ არჟი-რუსოს, ძმები დომებისა და ძმები მიულერების ნამუშევრებს ვყიდულობ - ამჯერად 1700 საგანი მაქვს. როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, მათგან 150 ყალბია. მაგრამ ვინც არ ცდება, ის არც იმარჯვებს!

მე ვაგროვებ XIX საუკუნისა და XX-ის დასაწყისის ქვის მჭრელთა ნამუშევრებს, სპილოს ძვლის მინიატურულ სკულპტურებს, ასევე ზარდახშებს, სათუთუნეებს – სასაჩუქრე საგნებს, არისტოკრატული ოჯახების სიმდიდრის სიმბოლოებს. თითოეული ასეთი სათუთუნის შექმნას რამდენიმე თვეს უნდებოდნენ: სხვადასხვა ფერის ოქროსა და ძვირფას ქვებს იყენებდნენ, ამინანქრებდნენ, ავტომატონებით – ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებიანი დასაქოქი მექანიზმებით – რთავდნენ. კოლექციაში 1500-ზე მეტი ასეთი სათუთუნე გვაქვს, ასევე ვერცხლის ნაკეთობები: თასები, სხვადასხვა სასაჩუქრე საგნები, XVII–XIX საუკუნის რუსული მინანქარი, ფაბერჟეს 800-ზე მეტი ნამუშევარი.


ჩემი კოლექციის მშვენებაა მექანიკური საგნები, მოძრავი თოჯინების ჩათვლით, ასევე 800 მუსიკალური საათი - როგორც მაგიდის, ისე იატაკზე და ბუხარზე დასადგმელი. ყველა მექანიზმი მწყობრშია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ერთდროულად ვერ ვრთავთ, რიგრიგობით უნდა ვაჩვენოთ დამთვალიერებლებს.

ასევე გვაქვს ჯიბის მუსიკალური საათები და ავტომატონები. ნაპოლეონის ხანაში ეროტიკული ავტომატონები იყო მოდური, ამავე პერიოდში, იმპერატორის ბრძანებით, მისი არმიის დაბალი ჩინის ოფიცერთათვის ეტლზე დასამაგრებელი საათები გამოუშვეს, რომელთაც იმ დროის საუკეთესო ოსტატები ქმნიდნენ, მაგალითად, აბრაამ ლუი ბრეგე – Breguet-ს მანუფაქტურის დამაარსებელი. მაღალი ჩინის ოფიცერთათვის გამიზნულ ჯიბის საათებს კი Jaquet Droz-ის, Piguet & Meylan-ის, Breguet-სა და Patek Philippe-ის მანუფაქტურები აწარმოებდნენ. ჯიბის საათები უფრო ძვირად ფასობდა – მათი მინიატურული მექანიზმისთვის ბევრად მეტი დრო და ენერგია იხარჯებოდა, ვიდრე ეტლის, სამაგიდე ან საბუხრე საათების ასაწყობად.


ჩემს კოლექციაშია XIX საუკუნის დასაწყისისა და XX-ის ბოლოს დამზადებული აკორდეონები, ასევე ორგანები და მუსიკალური ზარდახშები, სეკრეტერები, კარადებში ჩამონტაჟებული მექანიკური მუსიკალური აპარატები, ქუჩის ორგანები, წინათ ქალაქის მოედნებზე რომ იდგა. მუსიკალური კარადების რეპერტუარი იმის მიხედვით განსხვავდებოდა, თუ რომელ გასართობ ადგილას იდგა – რესტორანში თუ საროსკიპოში.


შემდეგ პატეფონების ხანაც დადგა... ჩემს კოლექციაში პატეფონისთვის განკუთვნილი 30 000 საგანი მოგროვდა: ფირფიტები, ცილინდრები, ქაღალდის დისკები, პერფორირებული ლენტები.


ცალკე აღნიშვნის ღირსია მე-19 საუკუნის რამდენიმე ათასი ფოტო, მათ შორის დმიტრი ერმაკოვის – დაუღალავი მოგზაურის, ომისდროინდელი ფოტოხელოვანის, რომელიც კავკასიის, შუა აზიის, სპარსეთის ყოფას ასახავდა. თავდაპირველად თითოეულ ფოტოს $1000-ად ვყიდულობდით, მოგვიანებით კი ერმაკოვის საყვარლის შვილიშვილს მივაკვლიეთ და მისგან მთელი კოლექცია – 3,500 ფოტო ვიყიდეთ.


გვაქვს სურათებით მორთული ავტომატონები და საათები. ფერწერულ კოლექციაში აღსანიშნავია რუსეთის სამი იმპერატორის: ალექსანდრ I-ის, ალექსანდრ III-ისა და ნიკოლაი II-ის კარის მხატვრის, მიხაი ზიჩის 200 ნამუშევარი, ნიკო ფიროსმანის ტილო, ვლადიმირ მაკოვსკის ტილო, ალექსანდრ ორლოვსკის 60-ზე მეტი ნამუშევარი, ასევე ანტიკვარული წიგნების დიდი კოლექცია.


ჩვენ სამუზეუმო კოლექციის თითოეული მიმართულების მიხედვით სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას ვგეგმავთ. ამჟამად ფრანგული ლარნაკებისა და სათუთუნეების კატალოგს ვამზადებთ. ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებიც არა მხოლოდ გამოიკვლევენ და აღწერენ კოლექციას, არამედ ზოგადად ხელოვნების ისტორიის კონტექსტში მისი მნიშვნელობის ანალიზს შესთავაზებენ მკითხველებს.


იმ წვალებამ, რაც სოლიანკაზე მუზეუმის აშენებისას მხვდა წილად – სამუშაოები 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც, უნდა ვთქვა, სისხლი გამიშრო – და იმ ძალისხმევამ, კოლექციის შექმნას რომ დასჭირდა, ერთ რამეში დამარწმუნა:

 

ხელოვნების გარეშე სიცოცხლეს ფასი არა აქვს. მხოლოდ ხელოვნებას ძალუძს ჩვენ გარშემო დაგროვილ ნეგატიურ ენერგიასთან გამკლავება.



commersant.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930