გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სლოვაკური ინვესტიციების გაზრდას საქართველოში

9-06-2023

„დღეს საქართველო არის საინვესტიციო ადგილი, სადაც დაბალი გადასახადებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, ლიბერალური ბიზნესგარემო, ხელმისაწვდომობა მწვანე ენერგიასთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით წვდომა ბაზრებზე ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობით" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკურ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ათწლეულების მანძილზე დამყარებული განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.


„წელს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლას მრავალ სფეროში. ქართველი ხალხის სახელით მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ღრმად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ველით, რომ თქვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდება და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით წავიდეს წინ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისკენ" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც, მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად ვითარდება და სავაჭრო ბრუნვაც, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იზრდება. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ფორუმი დამატებითი, ძალიან კარგი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდისთვის. თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყნის წარმატებებზე, მსხვილ პროექტებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფორუმში მონაწილე ინვესტორებისთვის.


ბრატისლავაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში, ლევან დავითაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930