11-06-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქართული რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული მედიების შესახებ ანალიზს აქვეყნებს.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ფეიქ“ ინფორმაციების გამავრცელებელ მედიებში ფინანსური კრიზისია, თუმცა ქვეყნის აყირავების მცდელობას მაინც აგრძელებენ, რაშიც, საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმარებიან. „ქვეყნის „აყირავების“ საქმეში ჩვენი ოპო-მედია-ველის და მათი საერთაშორისო პარტნიორების როლის დაუფასებლობა უსამართლობა იქნებოდა: „გლავკანალი“, „ჭუტავიზია“, „ოფშორTV“ და მათი ზოგიერთი რეგიონული შვილობილი წვრილი მედიამავნებლები არ გაჩერებულან, მიუხედავად რეიტინგული ვარდნებისა თუ ფინანსური ხასიათის სირთულეებისა.
ამ კუთხით, ოპოზიციური მედიასაშუალებები კვლავ არ იმყოფებიან სახარბიელო მდგომარეობაში: განიცდიან მწვავე ფინანსურ კრიზისს, რაც დაინტერესებულ მხარეს უქმნის სათავისოდ დამატებითი ზემოქმედების საშუალებას, მათზე კონტროლის დამყარების ღია შესაძლებლობას. ტელეკომპანია „მთავარ არხში“ მართალია ივნისიდან სახელფასო ფონდი გაიზარდება 25%-ით, მაგრამ „ჟჟჟურნალისტებში“ დადის ხმა, რომ ტელევიზიას აფინანსებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა ინფორმაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ხაზარაძე აფინანსებს ტელეკომპანია „ტვ პირველს“, სადაც ცდილობს ნიკა მელიას „მედიურობის“ უზრუნველყოფას, ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში „მთავარი არხის“ მიერ მოხდა ნიკა მელიას გარიდება, რაც თავად მელიას დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს.
არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, დიმიტრი ჩიქოვანის ირგვლივ აგორებული სკანდალების ფონზე, კეზერაშვილმა შეცვალა ფინანსების შემოდინების კალაპოტი, თუმცა ვერც ხაზარაძეს გამოვრიცხავთ - ეს ვარაუდი საჭიროებს დაკვირვებას, თუ რამდენად ხშირად გამოჩნდება „მთავარ არხზე“ ნიკა მელია. საინტერესო მოვლენებს ჰქონდა და აქვს ადგილი „ფორმულაზეც“, სადაც სახელფასო დავალიანება ტექნიკური პერსონალის დონეზეც არ არის გასტუმრებული და აქედან გამომდინარე, წარმომიდგენია კოლექტივის „სიხარული“ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ამერიკის მედიასივრცეში ტელეარხის პრობლემების უკეთ გაშუქების მიზნით“ (ამერიკელი მაყურებელი ხომ ძალიან განიცდიდა „ფორმულასთან“ დაკავშირებით ინფორმაციულ დეფიციტს) კეზერაშვილმა უკვე გადაიხადა ნახევარ მილიონამდე დოლარი, რაც რამდენი თვის სახელფასო ფონდის ეკვივალენტია - თავად განსაჯეთ.
არანაკლები პრობლემებია ტელეკომპანია „ტვ პირველშიც“, სადაც თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია, „ჭუტა“ წერეთელს სთხოვს მისი შვილისთვის ნასესხები 515 000 ათასი ლარის სასწრაფო წესით უკან დაბრუნებას, რომელიც, მისი თქმით, მან „ასესხა ტელევიზიას ხელფასების დასარიგებლად“. რაც შეეხება აღნიშნული ტელევიზიებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელ აქტიურობას, ის, ძირითადად, დაკავშირებულია ე.წ. სანქციების თემასთან, სადაც განსაკუთრებული აქტივობა გამოავლინეს ფრანგმა და გერმანელმა ჟურნალისტებმა.
კერძოდ: ქ. ბათუმში ჩამოვიდნენ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ფრანგი სტუდენტები, რომლებიც იკვლევენ საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ ეკონომიკაზე, სადაც აქცენტი კეთდება „ამ დამოკიდებულების გაზრდაზე”. თავისთავად, ნაკლებად სავარაუდოა კვლევის ეს ხაზი მათ „თავისით“ მოსვლოდათ აზრად და ამ დავალების მიღმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ყურები“ მოჩანს.
მაისში ჩამოვიდა საქართველოში ,,დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდით ავლის საკითხს იკვლევს. ,,დოიჩე ველე” (Deutsche Welle) არის გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელი და მისი მოკლეტალღოვანი, ინტერნეტული და სატელიტური რადიოპროგრამები 30 ენაზე გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანას. კომპანია ფლობს სატელიტურ ოთხენოვან სატელევიზიო სამსახურსა და ონლაინ ვებგვერდს. ასე რომ, უახლოეს მომავალში „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის მასალების უკმარისობა არც საერთაშორისო და არც ჩვენი ოპო-მაუწყებლობის დონეზე ჩვენ არ გვემუქრება. მით უმეტეს, რომ USAID-ის მიერ აქტიურად მიმდინარეობს თავისი „მედიასკოლების“ მეშვეობით რეგიონული „ტრენინგები“ ერთი მთავარი თემის ირგვლივ: მედია დეზინფორმაცია და „ფეიკი“ არ შეიძლება გამომდინარეობდეს დასავლეთიდან, უკრაინიდან და ქართული „პროდასავლური“ მედიასივრციდან - ეს არის მხოლოდ „რუსული“ წარმომავლობის „სუბსტანცია“ და ვინც ასე არ თვლის, არის ФСБ-ს სახელმძღვანელოების თანახმად შექმნილი „რუსული პროექტის“ ნაწილი. ამ და სხვა „საინტერესო“ მიგნებებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024