12-06-2023
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ივლისში დაგეგმილ "თბილისი პრაიდის კვირეულის" ღონისძიებას ლოზუნგით- "სიყვარულს ვერ დაამარცხებ" სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მიერ ამ ლოზუნგის წინა პლანზე წამოწევის მიზანია სიყვარულის წინააღმდეგ მებრძოლ და სიყვარულის დამარცხების მოსურნე ბნელ მხარედ წარმოაჩინოს ყველა, ვინც გეი აღლუმების ჩატარების წინააღმდეგია. უფლებადამცველის განმარტებით, არავინ დევნის სექსუალურ უმცირესობას საქართველოში მანამ, სანამ არ იწყება მათი მხრიდან საკუთარი ცხოვრების წესის საზოგადოებისთვის თავსმოხვევის აგრესიული მცდელობები.
„სიყვარულს ვერ დაამარცხებ! სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები 1-8 ივლისს ამ ლოზუნგით აპირებენ თბილისში პრაიდის კვირეულის ჩატარებას. ერთი შეხედვით აქსიომად ქცეულ ამ სენტენციას ყველა დროში და ყველა ხალხში ეძღვნებოდა სიყვარულის ოდებად ქცეული გენიალური ქმნილებები - არგონავტები, „ვეფხისტყაოსანი“, „რომეო და ჯულიეტა“ და მრავალი სხვა სწორედ დაუმარცხებელ და უკვდავ სიყვარულს უძღვნიდნენ ოდებს. თუმცა, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მიერ ამ ლოზუნგის წინა პლანზე წამოწევის მიზანია სიყვარულის წინააღმდეგ მებრძოლ და სიყვარულის დამარცხების მოსურნე ბნელ მხარედ წარმოაჩინოს ყველა, ვინც გეი აღლუმების ჩატარების წინააღმდეგია.
ჩვენ ვერ შევალთ იმის განსჯაში, ერთნაირსქესიანთა შორის სიყვარული რამდენად ძლიერი და წმინდა შეიძლება იყოს. რადგან ბუნებაში არსებობენ ასეთი მიდრეკილების ადამიანები, მხოლოდ მათი პირადი საქმეა, ვის, სად და როგორ შეიყვარებენ. ამიტომაც ქართველების ტოლერანტული ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენში მათ საზოგადოება არასდროს დევნიდა და არც ახლა დევნის. მართალია, ისევე როგორც ყველგან, ჩვენთანაც არსებობენ მცირერიცხოვანი ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების არსებობის წინააღმდეგაც კი გამოდიან, მაგრამ მათ ქმედებას საქართველოში არასოდეს ჰქონია ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი წარმოადგენს არა ნორმას, არამედ ნორმიდან, ბუნებრიობიდან გადახრას. ამიტომ ეს უმრავლესობა წინააღმდეგია მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ საზოგადოებისთვის იმ აზრის თავსმოხვევისა და პროპაგანდისა, რომ ერთნაირსქესიანთა სიყვარული არის ნორმა, ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი და ყველა ადამიანში შეიძლება იყოს საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ სექსუალური ლტოლვა, რის პროპაგანდასაც ჩვენში ასე აგრესიულად ცდილობენ.
ეს მიაჩნია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას მათი ცხოვრების წესზე პირდაპირი ძალადობის გამოხატულებად და ამიტომაც პასუხობენ ხოლმე ასეთ ძალადობას ასევე მძაფრად და აგრესიულად. ეს უნდა გაითვალისწინონ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და თუ მართლა საკუთარი უფლებები დაცვისთვის უნდათ ბრძოლა, უნდა იბრძოლონ აკადემიური, ცივილიზებული მეთოდებით და აგრესიულად და გამომწვევად არ დაუპირისპირდნენ საზოგადოების უმრავლესობას, ამ უმრავლესობაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, რელიგიურ ნორმებს და საზოგადოებრივ მორალს. ასეთ შემთხვევაში, თუ ისინი არ წარმოაჩენენ თავს მარგინალურ ჯგუფად, საზოგადოების უმრავლესობა მათ ყოველთვის დაიცავს მათი მოწინააღმდეგე მცირე მარგინალური ჯგუფის აგრესიისაგან. ასე რომ, ჩვენთვისაც მისაღებია ლოზუნგი, რომ სიყვარულს ვერავინ დაამარცხებს, თუნდაც ეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის არსებული სიყვარული იყოს.
და რაც მთავარია, ჩვენ, საზოგადოების უმრავლესობა არც ვცდილობთ მის დამარცხებას, ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისათვის ღვთისგან ბოძებული ბუნებრივ, რელიგიურ თუ ზნეობრივ ნორმებზე დაფუძნებული ცხოვრების წესების დაცვას ამ ნორმებზე განხორციელებული უხეში და აგრესიული თავდასხმებისაგან. როგორც ნუდისტების ცხოვრების წესი ვერ გახდება ბუნებრივი და საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები, ასევე შეუძლებელია ბუნებრივად იქცეს სექსუალური უმცირესობის ცხოვრების წესი. როგორც ნუდისტებს არავინ დევნის და არავინ ეჭრება თავიანთი ცხოვრების ლოკალური საზღვრების შიგნით, ასევე არავინ დევნის სექსუალურ უმცირესობას საქართველოში მანამ, სანამ არ იწყება მათი მხრიდან საკუთარი ცხოვრების წესის საზოგადოებისთვის თავსმოხვევის აგრესიული მცდელობები. ასე რომ, არავინ ცდილობს მათი სიყვარულის დამარცხებას. გიყვარდეთ ისე, როგორც გიყვართ, გისურვებთ წარმატებებს!“- წერს ნანა კაკაბაძე.
16-11-2024
16-11-2024