20-08-2018
რუსული გამოცემა «Новая газета» პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაცშკლიაროვი ერთმანეთს ადარებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ავტორი აშკარად მოხიბლულია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდით და შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი, რომ ნაკლებ ყურადღებას უთმობს იმ პერიოდის დემოკრატიის ხარისხს საქართველოში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ნიშანი, რაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს აერთიანებს, ისაა, რომ არ არსებობს „წარმატების ისტორია“, რასაკვირველია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გამოკლებით, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის „სიცოცხლის პერიოდში“ უწოდებდნენ „შიდა საზღვარგარეთს“.
შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად არ არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრობით და წარმატებით გამოვიდოდა საბჭოური წარსულიდან. ამაში გამოიხატება მთავარი პრეტენზია „ქართული ოცნებისა“ და პირადად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, იმას ვერ ვიტყვით, რომ „ისინი მოვიდნენ და ყველაფერი გაანადგურეს“, ქვეყანაში ქაოსი გამეფდა, სწრაფად იმატა დამნაშავეობამ, გაიზარდა კორუფციის დონე და ღარიბ-ღატაკნი ქუჩაში ერთმანეთს ურტყამენ ლუკმა-პურისთვის. არა, უფრო უარესია: საქართველოს ექვსი წელი მოპარეს. საქართველო ერთ წერტილზეა გაყინული. მოკლედ, „ზასტოი“.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი შეიძლება თამამად ამოიჭრას კალენდრიდან. 2012 წლიდან არცერთი საკვანძო მაჩვენებელი არ შეცვლილა - იგივეა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), დასაქმების დონე, ჯანდაცვა, გზები და ინფრასტრუქტურა, ექსპორტ-იმპორტი, საზოგადოებრივი წესრიგი, ბიუჯეტი... არადა, დიდი ცვლილებების პერიოდი მართლაც იყო, 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩამორჩენილი და ღარიბი, კორუმპირებული და სტერეოტიპული ანეკდოტების ქვეყანა, რომლის დედაქალაქი გენერატორებითა და „ბურჟუიკა“ ღუმელებით ცხოვრობდა, სწრაფად და წარმატებით ვითარდებოდა და სხვებისთვის სამაგალითო რესპუბლიკას წარმოადგენდა. საქართველოს უყურებდნენ და გულში იმედი ესახებოდათ. საქართველოს მაგალითით დასტურდებოდა, რომ თურმე შეიძლება განხორციელდეს საჭირო და თანმიმდევრული რეფორმები, რომლებიც სწორი მიდგომით ყველგან მუშაობენ და შედეგს იძლევიან. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით - რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში - როცა დაიწყებოდა ლაპარაკი გარდაქმნებზე, ყველა ამბობნდა, რომ „პოსტსაბჭოთა ჭაობში ვერაფერს კარგს ვერ ააშენებ“. და ამ დროს დასმულ კითხვაზე - „აბა, მაშ საქართველო რას აკეთებს?“ - ყველა განწყობას იცვლიდა და გვეთანხმებოდა, მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ მაშინდელი საქართველოს მთავრობა.
მართლაცდა, იმ წლების ქართული პოლიცია, ქართული ბიუროკრატია, საქართველოს სახელმწიფო მომსახურება ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. ადამიანები იმიტომ ჩადიოდნენ საქართველოში, რომ სასწაული საკუთარი თვალით ენახათ. ისინი ხედავდნენ თავაზიან და ლაზათიან პოლიციელებს, რომლებისთვისაც ქრთამის შეთავაზება შეგრცხვებოდა... ისინი ხედავდნენ ისეთ მომსახურებას, რომლის დროსაც ავტომობილის რეგისტრაციისა და მართვის უფლების მოწმობას რამდენიმე წუთში მიიღებდი, თანაც ისეთ ფუტურისტულ ოფისში, რომელიც უფრო აეროპორტის ბიზნეს-ტერმინალს გაგონებს, ვიდრე სახელმწიფო უწყებას. ქართული სახელმწიფო ისე ანცვიფრებდა მნახველს, რომ ზოგჯერ საქართველოში ჩასვლისას ადამიანი ნანობდა, რომ მას იქ არც ნათესავები არ ჰყავდა და არც მემკვიდრეობით მიღებული ბინა არ ჰქონდა. „დიახ, ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ“, - აი, ეს იყო მთავარი დასკვნა ნანახიდან.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველო რეფორმების ექსპორტიორი ქვეყნიდან, სამაგალითო და მისაბაძი სახელმწიფოდან სწრაფად გადაიქცა ჩვეულებრივ, რიგით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვთქვათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, რომელიც ხელისუფლებაში „ვარდების რეფვოლუციის“ შედეგად მოვიდა, ყველაფერი წუნდაუდებელი იყო? რომ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობას „გამარჯვებიდან გამარჯვებამდე“ ვუწოდოთ? რა თქმა უნდა, არა. რეფორმატორებს ყველაფერი ბოლომდე არ მიუყვანიათ, ისინი შეცდომებსაც უშვებდნენ, ხშირად მაჩვენებლებს გამოდევნებულები გვერდით არ იხედებოდნენ, ხშირად [დემოკრატიული] ინსტიტუტები არ ჩანდა, მოსახლეობის სურვილს არ ითვალისწინებდნენ, არადა, მათ გარეშე არანაირად არ შეიძლება. ალბათ, ამიტომაც გადაიხარა ხელისუფლება „სტაბილურობისაკენ“, რომელიც სტაგნაციის ტოლფასი იყო. „ნაციონალებმა“ ბევრი რამ ვერ მოასწრეს, ბევრჯერაც ზედმეტად „გადაღუნეს“...
მაგრამ არსებობენ არგუმენტები, რომელთა უარყოფა ძნელია: ჯიუტი ფაქტები, ზუსტი ციფრები... საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წლიდან 2012 წლამდე 4 მლრდ. დოლარიდან 15,8 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა და ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისი იყო და როცა ქვეყანამ უცხოური ინტერვენცია გადაიტანა. ცხადია, ეს მაინც საკმარისი არ იყო, საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩებოდა. მაგრამ მომდევნო წლებში, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და ქვეყანაში არცერთი „ფუნდამენტური შოკი“ არ მომხდარა, სიღარიბე კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო განვითარების წინმსწრები ქვეყნიდან განვითარებას გამოდევნებულ ქვეყნად გადაიქცა. მან 2013-2017 წლებში მშპ-ში მილიარდნახევარი დოლარი დაკარგა. დღეს ქვეყნის მშპ - მთლიანი შიდა პროდუქტი 15,23 მილირად დოლარს შეადგენს, რაც ათი მილიარდით ნაკლებია მილიონიანი მოსახლეობის მქონე ესტონეთთან შედარებით. საქართველო მშპ-ით ჩამორჩება ისლანდიას, რომლის მოსახლეობა თბილისის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. ხალხი გრძნობს სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაურესებას: „ენდეაის“ (აშშ) გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, რომ მოქალაქეთა 67% თავს უმუშევრად მიიჩნევს.
პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში შეიძლება მთავარ მოვლენად იქცეს, ანუ მომავალი ექვსი წელი ისევ არაფრის მომტან წლებად დარჩება, ანუ ისევ მოლოდინი, თუ „როდის დაეწევა ეკონომიკა დემოკრატიას“... ყოველი ასეთი დღე კი მშპ-ის მატების პერპექტივებს ძირს უთხრის...
მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი საქართველო კვლავ ის ორიენტირი გახდეს, რომელსაც მთელი რეგიონი გაჰყვება. საქართველომ უნდა აირჩიოს: მას მომავალში ისეთი ადამიანები უხელმძღვანელებენ, რომლებიც კომპეტენტურები და მოტივირებულნი არიან, რომლებიც წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფენ, თუ 2024 წელი კვლავ 2012-ად დარჩება?
სტაგნაცია, კორუფცია, ნეპოტიზმი, უპერსპექტივობა, „შეუცვლელი ეროვნული ლიდერები“ - ეს ნეგატიური თვისებები, რა თქმა უნდა, ყოველ სახელმწიფოს დაბადებიდანვე არ დაჰყვება. ესენი შეძენილი თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს - არჩევნების საშუალებით.