გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

12-06-2023

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ კუთხით სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეგულაციები მიიღო და აქტიურად მიმდინარეობს მათი აღსრულება-დანერგვის პროცესი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი.

„ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ამასთან, ამ მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დამტიკცდა. სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია ევრო 5 და უფრო მაღალი სტანდარტი.


„ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში.


ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.


მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით აიკრძალება ნარჩენის - ე.წ. კატალიზური კონვერტორის ექსპორტი, რაც შეამცირებს რეალიზაციის მიზნით, ე.წ კატალიზატორების სპეციალურად ამოღებას ავტომობილებიდან და ხელს შეუწყობს ავტომობილების გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.


ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, მსხვილ ქალაქებში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით.


„შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც, 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს. ვფიქრობ, ერთობლივად, ყველა ქმედება აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში ჰაერის ხარისხს, ამავდროულად, ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930