13-06-2023
სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს. ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორიოს სავალუტო ფონდის მიერ გავცელებული კრიტიკული განცხადება ეროვნული ბანკის კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, უსაფუძვლოა.
გვიდიანი აღნიშნავს იმასაც, რომ უკვე მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რომელიც ნეგატიური მოლოდინების გაჩენას ისახავს მიზნად და რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკული განცხადება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ კანონში იცვლება ერთადერთი რამ - ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.
სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოყავს. ფინანსების თუ იურისპრუდენციის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ერთი თანამდებობის დამატება ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ დააკარგვინებს. მაშინ რა არის სავალუტო ფონდის ინტერესი და რატომ ითხოვს ის ასე აგრესიულად პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის არდამატებას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია.
სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს.
ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე სავალუტო ფონდის მიერ იმართება და მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესტვირიშვილი ნაცმოძრაობის ხელისუფლების სტაჟიანი კადრია, რომლის კარიერული აღმასვლა 2004 წლიდან იწყება, როდესაც ის სააკაშვილის ადმინისტრაციაში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ის 2009 წელს გახდა და როგორც ამბობენ, არაფორმალური სუბორდინაციით ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებოდა. მისი სტატუსიდან გამომდინარე, მესტვირიშვილი ვერ იტყვის უარს ვერცერთი ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელმაც ქართული ეკონომიკის ზრდა შეიძლება შეაფერხოს ან ინფლაციის თუ დევალვაციის კუთხით ქვეყანას პრობლემები შეიძლება შეუქმნას.
ამის ერთ-ერთი მაგალითია მესტვირიშვილის მიერ 2-3 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც მას მთავრობასთან ელემენტარული კონსულტაციებიც კი არ გაუვლია. კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რუსეთის რეზიდენტების მიერ ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებისთვის გადინების განაკვეთი 30-40 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები აღნიშნული თანხების 80 პროცენტს ეკონომიკურ ბრუნვაში ვეღარ გამოიყენებენ.
ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ქართული ბანკების მიმზიდველობასა და მათ მიერ ეკონომიკაში ჩასადებ ინვესტიციებს შეამცირებს, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას შეაფერხებს და პირიქით, ქვეყნიდან ვალუტის გადინებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე, ლარის კურსზე და ინფლაციურ პროცესებსაც წაახალისებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის რეზიდენტები, რომლებიც ქართულ ბანკებში სავალუტო დეპოზიტებს ხსნიან, უმეტესწილად, რუსეთში მცხოვრები ქართველები და მათი კომპანიები არიან. საინტერესოა, რომ უკვე მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. 2021 წლისთვის მათ 3.5 პროცენტი იწინასწარმეტყველეს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკა 10.5 პროცენტით გაიზარდა, 2022 წელს იწინასწარმეტყველეს 3.2 პროცენტი, ეკონომიკა კი 10.1 პროცენტით გაიზარდა. სავალუტო ფონდის წლევანდელი პროგნოზი 4 პროცენტია, თუმცა, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა.
ეს ყველაფერი ძალიან წააგავს NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, სავალუტო ფონდის პროგნოზებს ინვესტორებიც უყურებენ და შედარებით დაბალი პროგნოზი მათ საინვესტიციო მოტივაციას ხელოვნურად ამცირებს.
არც ისაა გამორიცხული, რომ სავალუტო ფონდს მისი პროგნოზის გამართლების იმედი აქვს, რაშიც მას ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ეიმედება. ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია“ - წერს ანდრია გვიდიანი.
16-11-2024
16-11-2024