გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“უთმობს” თუ არა პუტინი ცხინვალს საქართველოს?

20-08-2018

ამ დღეებში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რუსულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. თავისთავად სატელეფონო კონტაქტში განსაკუთრებული არაფერია – მსგავსი რამ პუტინსა და ბიბილოვს შორის საკმაოდ ხშირად ხდება. განსაკუთრებული ყურადღება ამ მოვლენამ იმის გამო მიიპყრო, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-10 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა: ბევრმა ეს იმის ნიშნად აღიქვა, რომ პუტინი ცხინვალისთვის ესოდენ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე ჩასვლას არ აპირებს.

საგულისხმოდ ეჩვენათ ცხინვალში ის ფაქტი, რომ ცნობა აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა, ოსურ საინფორმაციო საშალებებსა და უპირველესად თავად ბიბილოვის პრეს-სამსახურს კი ამის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთეს – იმ ფონზე, როცა რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო “მიღწევა” ოკუპირებულ რეგიონში ყოველთვის ფართოდ “პიარდება” და ამ მხრივ ოსური მედია რუსულს, როგორც წესი, ასწრებს.

 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ცხინვალში ცუდად ენიშნათ, იმაში მდგომარეობს, რომ რუსულმა მედიამ ეს სატელეფონო საუბარი «ორი ქვეყნის ურთიერთქმედების, მათ შორის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების” კონტექსტში გააშუქა. “ესე იგი, ყველაფერი ამ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლა და თავად პუტინი 26 აგვისტოსთვის ცხინვალში ჩამოსვლას არ აპირებს, ჰა-ჰა, მისალოცი დეპეშა გამოგვიგზავნოსო”, - ღელავსსოციალური ქსელების ოსური სეგმენტი.


შედარებით ოპტიმისტურად განწყობილთა აზრით, ეს სატელეფონო კონტაქტი შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ცხინვალში ვიზიტის უსაფრთხოების საკითხების განხილვასთან ყოფილიყო დაკავშირებული. თუმცა ოსი ექსპერტების უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

არა მგონია, ასე ყოფილიყო: ამ რანგის ხელმძღვანელთა ვიზიტების უსაფრთხოების საკითხები, როგორც წესი, მიმღები მხარისთვისაც კი გასაიდუმლოებულია, მით უფრო, როცა ვლადიმირ პუტინზეა საუბარი” - ამბობს ოსი ჟურნალისტი და ექსპერტი იური ვაზაგოვი.

ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი კი კიდევ უფრო შორს მიდის და თვლის, რომ თუკი პუტინი 26 აგვისტოსთვის ცხინვალში არ ჩავა, ესე იგი, იგი “სამხრეთ ოსეთს თბილისს უთმობს”:

«საყოველთაოდ ცნობილია, რომ პუტინი ისე, უბრალოდ არავის ურეკავს. რაც შეეხება ამ ზარის დროს ვიზიტის უსაფრთხოების საკითხების განხლვის ვერსიას, ის არასერიოზულად მეჩვენება: პუტინს ჩვენთან კი არა, თბილისში ვიზიტის შემთხვევაშიც კი შეუძლია, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველჰყოს! თუ 26 აგვისტოს წინა დღეებში რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო ზარი იმას ნიშნავს, რომ პირადად ის 10 წლის იუბილეზე ჩამოსვლას არ აპირებს, ეს ცუდი ნიშანი და მეტიც, საფრთხეც კია ჩვენი რესპუბლიკისთვის: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა, ამ თვალსაზრისით ჩვენ ფაქტობრივად, პუტინის ქმნილება ვართ და თუ ახლა, მე-10 წლისთავზე ის ჩვენთან არ ჩამოვაეს აჩენს ცუდ ეჭვს, რომ იწყება ჩვენი დათმობა საქართველოსთვის. იმედი მაქვს, ვცდები და პუტინი მაინც ჩამოვა»https://www.ekhokavkaza.com/a/29439780.html.

რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ პუტინის ბოლო სატელეფონო ზარში არ არის საქმე. მსგავს “ბნელ” ეჭვებს ოკუპირებულ რეგიონშიუკვე დიდი ხანია, განიცდიან იმის გამო, რომ დღემდე ვერ მოხერხდა არათუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაც კი, რასაც როგორც წინა, ისე ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტები აანონსებდნენ.

მოსკოვი მსგავსი ნაბიჯისგან თავს იკავებს და ამას ბოლო დროს უკვე ღიად აცხადებს. ოს ლიდერ ანატოლი ბიბილოვს კი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში “რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის” მთავარი დაპირებით მოვიდა, ისღა დარჩენია, სრულიად უსახურ და ალოგიკურ მიზეზებს ამოეფაროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისადმი “სოლიდარობის” სახით: “ჩვენ მათთან საერთო ბედი გვაერთიანებს, ჩვენ მათ ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ, ამ ეტაპზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კი ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ღალატის ტოლფასი იქნებაო”.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიბილოვის ეს ალოგიკური არგუმენტი თითქოს ჭრიდა, თუმცა, რა გასაკვირია, დრო მალე მოჭამა და ახლა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ბევრ მომხრეს აწუხებს კითხვა: “რატომ არ შეიძლება, დონეცკსა და ლუგანსკს რუსეთის შიგნიდან დავეხმაროთო?!”.

პარალელურად ნელა, მაგრამ უცილობლად იზრდება იმ ოსების რიცხვი, რომლებსაც დონეცკისა და ლუგანსკის “ღალატზე” მეტად საკუთარი თავისა და იმ დაღუპული მეომრების ღალატი ადარდებთ, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ: ამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვა ქვეყნის, თუნდაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

accent.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930