14-06-2023
ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის სამეფოში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მოახერხა ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხდით ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა.
ამ ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024