გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი გადმოეცა

16-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი, მისმა შვილიშვილებმა ანგელიკა კაისჰოლდმა და მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინმა უსასყიდლოდ გადმოსცეს. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მეკელაინის ოჯახის ხუთი წევრი, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მეკელაინის შვილიშვილი მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინი, რომელიც ფრანკფურტის ქართულ-გერმანული საზოგადოება “გეორგიკა”-ს გამგეობის წევრია.


პირველი მსოფლიო ომის დროს პროფ. რიხარდ მეკელაინი კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურის შესახებ და ასწავლიდა ქართულ ენას ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის) უნივერსიტეტში. მას ეკუთვნის პირველი ქართულ-გერმანული ლექსიკონი და გერმანული ენის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც ისწავლებოდა გერმანული ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში.

რიხარდ მეკელაინმა თარგმნა გრიგოლ რობაქიძის რომანი “გველის პერანგი”, რომელიც 1928 წელს შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით გამოიცა გერმანიაში. მანვე თარგმნა გრ. რობაქიძის “კავკასიური ნოველები”, რომლებიც ქართველი მწერლის გერმანიაში ემიგრაციის შემდეგ გამოქვეყნდა. პროფ. მეკელაინს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ მოღვაწეებთან, რომლებიც გასული საუკუნის პირველ მეოთხედში განათლებას იღებდნენ გერმანიაში ან დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ ამ ქვეყანაში.


მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ქართული მწერლობის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წარმომადგენელი გრიგოლ დიასამიძე.


ქართველ მეცნიერთაგან რიხარდ მეკელაინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა აკადემიკოსებთან აკაკი შანიძესთან და სიმონ ყაუხჩიშვილთან, ასევე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა საქართველოში, თავისი უახლოესი მეგობრის, რაფიელ ნიჟარაძის, დახმარებით რ. მეკელაინი სვანურის შესწავლასაც შეუდგა და სვანეთის ეთნოგრაფიის სალექციო კურსიც მოამზადა თავისი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროფესორ რ. მეკელაინის ხელშეწყობით ბერლინში შეიქმნა „რუსთაველის საზოგადოება“ და დაარსდა ჟურნალი „ახალი აღმოსავლეთი“, რომელშიც ძირითადად ქართველი და გერმანელი ავტორების მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი სტატიები იბეჭდებოდა. რიხარდ მეკელაინის ხელშეწყობით შესრულდა ასევე საორგანიზაციო სამუშაო ქართულენოვანი ჟურნალის, „ევროპის მოამბის“, დასაარსებლად 1918 წელს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930