18-06-2023
„მარტის აქციების ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-მ მარტის აქციებით ვერ შეძლო საქართველოში „მაიდანი“-ს მოწყობა, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ მიაღებინა კანონი.
"რომ არ გავანაწყენოთ, მარტის აქციის მონაწილე სხვა მხარეები და ცალკეული პირები, ერთი „სერია“ მათაც დავუთმოთ: რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინული მხარე, ხოლო ზეწოლის, ზემოქმედების, მედია-ტერორის და დაფინანსების ინსტრუმენტი - დავით კეზერაშვილი, რომლის “შავი ფული“ ხმარდებოდა აქციის მონაწილეთა მთავარ გმირებს („ნაბიჯი“, „ენმ“). “უკრაინა/კეზერაშვილის“ და აშშ-ს თანამშრომლობის თაობაზე დასკვნის გამოტანის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე გარემოება: მიუხედავად მის მიერ როგორც საქართველოში ყოფნის, ასევე ქვეყნიდან გასვლის შემდგომ ჩადენილი, ამ დრომდე განგრძობადი დანაშაულებისა, არ ხდება მისი დაკავება, ან მასზე ძებნის გამოცხადება ან თუნდაც “უწყინარი“ დასანქცირება. ის დადანაშაულებული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში, თუმცა არც „მოსადს“, არც ა.შ.შ.-ს მასზე ძებნა არ გამოუცხადებია, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, ან კორუფციის ან მათი თანამშრომლობის ფაქტი.
ის ხვდება აშშ-ს სანქციების კოორდინატორ მაიკ მაკფოლს (სწორედ ხსენებული პირი წერს იმ პირთა სიას, ვისაც ასანქცირებს აშშ). უკრაინიდან იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსავლეთ ევროპის „შავ ბაზრებზე“ მასიური გადინების კიევის გაგანია დადანაშაულების დროს ის ლონდონში ხვდება უმსხვილესი უკრაინული სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს წევრ კურტ ვოლკერს. უკრაინაში ის დაახლოებულია გია ლორთქიფანიძესა და გიზო უგლავასთან, რომლებიც თანამდებობებზე დაინიშნენ ამერიკული მხარის პირდაპირი ლობირებით. მარტის აქციების ამ და სხვა მონაწილეთა მეშვეობით, ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს. ხოლო საჭირო “ლიდერშიფის“ ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა მოახდინოს მოვლენების ფორსირებაც კი, რაც დამოკიდებული იქნება ხელსაყრელ გარემოსა და ვითარებაზე (ამ ეტაპისთვის შემოიფარგლა იმით, რომ გვაჩვენა საკუთარი ძალა, მათ შორის ბოლო განცხადებით “დაჟინებით მოგვიწოდა, რომ მსგავსი კანონები აღარ მივიღოთ“).
ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ: ცილისწამების, ფეიკებისა და დეზინფორმაციის კანონპროექტის (მორიგი "რუსული კანონი") მიმართ და 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა აღნიშნული აქციით ხელისუფლების „უკან დახევის“ შთაბეჭდილება (რაც ნაწილობრივ, შეესაბამება სინამდვილეს) კანონპროექტის უკან გამოწვევის მიზანმიმართულმა ქმედებამ მოგვცა საშუალება გამოგვეწვია მოსალოდნელი მოვლენების „ფალსტარტი“, მოგვეხდინა ვითარების მონიტორინგი, გამოგვევლინა აქციის ძლიერი და სუსტი წერტილები, განგვეხორციელებინა დაკვირვება მოვლენებში ჩართული „აქტორების“, ლიდერების, გამოყენებული ძალებისა და საშუალებების მიმართულებით, და გაგვეკეთებინა შემაჯამებელი ანალიზი: ამ ეტაპზე მათ მიერ მოწყობილი „მაიდანი“ გამორიცხულია, რევოლუციის რისკი არ არსებობს და აშშ-მ უბრალოდ გვაიძულა არ მიგვეღო კანონი, რომლის ამოქმედებით, ადგილზე მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა მიტანილი მათ დასაყრდენზე და შესაბამისად სამომავლოდ, გამოაცლიდა მოვლენების ფორსირების შესაძლებლობას. იყო თუ არა საჭირო ხსენებული კანონპროექტის შემუშავება? რა თქმა უნდა! იყო თუ არა გამართლებული მისი უკან გამოწვევა? ყოველგვარი ეჭვის გარეშე! ბრძოლის წაგების გზით - მოწინააღმდეგესთან ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული. კანონის მიღების დრო კი აუცილებლად დადგება“... - წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024