22-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პოლიტიკური განათლების სკოლის" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიიღო.
"პოლიტიკური განათლების სკოლა“ სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია და უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 120-ზე მეტმა მონაწილემ წარმატებით დაასრულა სწავლა. წელს პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ცოდნა და გამოცდილება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა გაუზიარეს.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმარტება უსურვა: „თქვენ უკვე გაქვთ ის პოლიტიკური კულტურა, რაც სჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსს. ასეთი წამოწყებები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ თქვენნაირი გულანთებული ახალგაზრდები ჩაერთონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, ჩვენ გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მსგავს აქტივობებში.“
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებმა მოკლედ შეაჯამეს პროექტის შედეგები და ყველაზე აქტიური სამი მონაწილე-მარიამ სოხაძე, ლილუ ჩხარტიშვილი და მარიამ კომახიძე სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა თსუ პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება ყოველთვის ქვეყნის წინსვლის გარანტი იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენ იქნებით კიდევ უკეთესები, ვიდრე იყო წინა თაობა და სულ ასეთი სწორი გზებით ივლით.“
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფოს წარმოშობისა და საჭიროებების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლები, დეზინფორმაციის პოლიტიკა და სხვა. პროექტს მხარს უჭერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.
შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტულ-კულტურულ სტუდენტურ პროექტებს თსუ ბიუჯეტი აფინანსებს. მიმდინარე წელს ამ პროექტებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარი გამოიყო. კონკურსი წლის განმავლობაში სამჯერ ცხადდება. 2023 წელს უნივერსიტეტმა უკვე 200-მდე სტუდენტური პროექტი დააფინანსა.
16-11-2024
16-11-2024