23-06-2023
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე წყლის რესურსების მართვის საკითხებში შინ ჯინ სუ ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით კორეის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
შინ ჯინ სუს განცხადებით, საქართველო კორეის რესპუბლიკისთვის სანდო და საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა, რაც თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებშიქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისმიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შინ ჯინ სუმ მოაწერეს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024