24-06-2023
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი აიძულა იგი ზუგდიდში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრთან მიეყვანა. ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და შენობაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით იქ მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა დააიძულა მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ. ბრალდებულმა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ხელისუფლების ორგანოებს მისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მოსთხოვა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები შეესრულებინა.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, 2023 წლის 8 თებერვალს, სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
16-11-2024
16-11-2024