გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

24-06-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თელავში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების (სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, რუსთავის, კასპის, ყვარლის, წალკის, საგარეჯოს, ხაშურის, დუშეთის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, თიანეთის, ყაზბეგის, დმანისის და თელავის) სამშენებლო და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პრეზენტაცია გააკეთა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ, რომლის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესის შეკითხვებს ასევე უპასუხეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა.

2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ.

სამინისტროს ორგანიზებით, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის" ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-თან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკული ბაზრისა და ენერგოეფექტურობის კუთხით.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930