29-06-2023
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტში, დაესწრო ვიზიტის შემაჯამებელ სიმპოზიუმს: "ვეტერანებზე ზრუნვის კონცეფციები და მათი განხორციელების გზები''.
ჰოლანდიელმა მასპინძლებმა _ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, პოლ ჰოფსლოტმა, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ, ინსტიტუტის მკვლევარმა, ჰიელტ ალჰრამ და პროფესორმა, ფსიქიატრმა, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიულმა მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ერიკ ვერმეტენმა პატივისცემა გამოხატეს კობა კობალაძის, საქართველოს ვეტერანებისა და ქართული დელეგაციის მიმართ და ხაზი გაუსვეს საქართველოს ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
სესილია ჯოანა ვან პესკიმ, თავის მოხსენებაში გაიხსენა ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის და ხელმძღვანელი პირების შარშანდელი ვიზიტი საქართველოში_ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში; აღნიშნა, რომ ქართულ და ჰოლანდიურ უწყებებს შორის დამყარებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე; თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, შორენა ლორთქიფანიძემ ისაუბრა ორგანიზაციის გეგმებსა და ამოცანებზე, საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევაში, საზოგადოების კონსოლიდაციის, ვეტერანთა პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე;
გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა: '' ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის კარი ყოველთვის ღიაა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანებისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს თანადგომას საქართველოს ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა აუცილებლად გაღრმავდება; გაგრძელდება საპასუხო, ორმხრივი ვიზიტები თემატური ჯგუფების მონაწილეობით, რათა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა უფრო პროდუქტიული იყოს'',_აღნიშნა თავის გამოსვლაში პოლ ჰოფსლოტმა.
კობა კობალაძემ, ჰოლანდიელ მასპინძლებს, გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის მადლობა გადაუხადა; აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების გზაზე; კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოს ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დასავლელი მეგობრების თანადგომის მნიშვნელობას. სიმპოზიუმის დასასრულ, ქართულ და ჰოლანდიურ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც, ხელი პოლ ჰოფსლოტმა და კობა კობალაძემ მოაწერეს.
შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.
კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში დასრულდა.
16-11-2024
16-11-2024