30-06-2023
საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება, ხოლო მთავრობის ხალხისგან განცალკევების ამორალური მცდელობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა დამაზიანებელიცაა იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველო ორი გამოწვევის წინაშეა და ორივე საჭიროებს ყველა ეროვნული რესურსის საგანგებო მობილიზებას.
„პირველი მათგანი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მომდინარეობს. საქართველოში უსაფრთხოების შენარჩუნება და, ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი ხალხისა და მთავრობისგან. მეორე, საგარეო საფრთხეებისა და შიდა რადიკალიზმის ფონზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელება, რთულად შესასრულებელ დავალებას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მთავრობისთვის ძირის გამოთხრა სიცრუეზე დაფუძნებული ტაქტიკით, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამ პროცესს.
ასეთი ორპირობა საქართველოს მთავრობის მიმართ განსხვავდება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მიერ მათი საკუთარი მთავრობებისადმი ლოიალური მოპყრობისგან. და ბოლოს, საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრა ქართველი ხალხისგან მისი ხელოვნურად განცალკევების გზით ამორალურია.
2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური განწყობების საფუძველს წარმოადგენდა, მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, რევოლუციური ტაქტიკის გახანგრძლივება კვლავ ხელს უწყობს პოლარიზაციას, ხოლო პოლარიზაციას შეუძლია გამოუსწორებლად დააზიანოს ჩვენი საზოგადოების სოციალური ქსოვილი. სიმართლე ისაა, რომ, დღესდღეობით, საქართველოს ისეთი ძლიერი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო მხოლოდ სამ ათწლეულს ითვლის და გამოიარა რუსეთის არაერთი შემოჭრის, სამოქალაქო კონფლიქტების, სააკაშვილის დიქტატურისა და, ამჟამად, პოლიტიკის გაბოროტებული რადიკალიზაციის ეტაპები. საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა და თანამშრომლობა სჭირდება, ხოლო მთავრობის ხალხისგან განცალკევების ამორალური მცდელობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება“ - წერს შალვა პაპუაშვილი.
16-11-2024
16-11-2024