30-06-2023
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს_ საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა.
პირველ ეტაპზე გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჩემპიონატი ჯომარდობაში და ტურნირი მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობაზე, რომლებშიც ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 6 კაციანი გუნდები ასპარეზობდნენ.
მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში ყველა გამარჯვებულია.
აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ინტეგრირებული ჩემპიონატი ჯომარდობაში მეტად აზარტული აღმოჩნდა. რამდენიმე ეტაპად გამართულ ჩემპიონატში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები; პირველობა არავის დაუთმო გორის გუნდმა და გარდამავალმა თასმაც, ერთი წლით, გორში დაიდო ბინა. რაც შეეხება მშვილდოსნობის ჩემპიონატს_ეს აქტივობა არანაკლებ აზარტულად წარიმართა; გამარჯვებისთვის ყველა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა, თუმცა, გამარჯვება წილად ხვდა ქუთაისის ერთ-ერთ გუნდს; მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და მშვილდოსნობის ტურნირის გარდამავალი თასი, ერთი, წლით კვლავ ქუთაისში დაბინავდება.
ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები.
ღონისძიებათა გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა", სპონსორები კი „სოკარი" და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი"გახლავთ.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.
16-11-2024
16-11-2024