30-06-2023
პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა.
„კითხვას სვამენ და შემდეგ გარბიან დარბაზიდან. რა ზრდილობაა ან საერთოდ რაზეა საუბარი და ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ პოლარიზაციის დასრულება, ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის.
რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა და მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს. სააკაშვილთან დაკავშირებით, პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ. მე შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და მისი ჩართულობა. მეორე საქმეს შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ლამის კაცი მოკლეს ცემით. მესამე საქმე - ტელეკომპანია „იმედის" დარბევა და მითვისება, წართმევა, აღარ გავაგრძელებ და ბოლოს, სამარცხვინოდ შემოპარული, სამარცხვინოდ, კიდევ გაგიმეორებთ ყოველ დღე, თუ გნებავთ, სამარცხვინოდ შემოპარული კონტეინერით თქვენი ბელადი, არაჟანთან ერთად, სირცხვილია ამაზე რომ ვლაპარაკობთ, სირცხვილია. საზღვრის კვეთის საქმეზე, რომელზეც გრძელდება ძიება, ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა, ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, მიწაზე გართხმული რომ ვნახეთ, გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა, მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლისღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიების, ასე ეგონა მას, ილუზიებში იყო, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ყველას კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა უბედურებას დამართებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ეს არის რეალობა, თუ გინდათ ამ სიმართლეზე ისაუბროთ, ყოველთვის მზად ვარ, რომ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.
ყოველგვარი თქვენი მავნებლური ქმედებები არის დასრულებული. თქვენ კიდევ ერთხელ დამარცხდით, დამარცხდით სიმართლესთან. თქვენ ნახეთ როგორი უღირსი კამპანია აწარმოეს, თითქოს მოწამლა ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით, აწამეს, მოკლეს და ა.შ. თქვენ გესმით რა ჩაიდინეთ საერთოდ? და ამის თაობაზე ზღვარგადასული კამპანია აწარმოეს მთელს მსოფლიოში, დაწყებული CNN-ით, დამთავრებული ათეულობით მედიასაშუალებით მთელს ევროპაში. მე პირადად მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა, რომ შეწუხებულები არიან, მათი ოპოზიცია, სხვები, ვიღაცები, მათი ლობისტები, კორუმპირებული ლობისტების მეშვეობით, არ მოვერიდები ამის თქმას, კარგად ვიცით, რა მეთოდებით მართავდა სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ცილისწამებებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ეს კამპანია აღმოჩნდა დროებითი. ხომ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საბოლოოდ თქვენს ამ ბინძურ ტყუილებს და კამპანიას", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024