1-07-2023
IT სპეციალისტის, თუ არ ვცდები, 3 000-მდე სერტიფიკატია გაცემული. ეს პროცესი გრძელდება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს დაანონსდა 5 000 სპეციალისტის მომზადება და ეს პროცესი აქტიურ ფაზაშია.
„IT სპეციალისტის, თუ არ ვცდები, 3 000-მდე სერტიფიკატია გაცემული. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ შარშან დავაანონსეთ 5 000 სპეციალისტის მომზადება. პროცესი აქტიურ ფაზაშია. კიდევ უნდა გავაფართოოთ ეს მიმართულება და კიდევ მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდებს.
მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, ზოგადად, სტარტაპების დაფინანსების მიმართულებით ჩვენი დამოკიდებულებაც, ბევრი კრეატიული ახალგაზრდის ინიციატივებს ჩვენ მხარს ვუჭერთ, კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ზოგადად, ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 8 წელში, შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ დაფუძნებულმა განათლების ცენტრმა 1000-ზე მეტი საუკეთესო სტუდენტი დააფინანსა უცხოეთში, ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტებში, დავუფინანსეთ მაგისტრატურაში სწავლა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ოქროს ფონდია, რომ იტყვიან და ამ ადამიანების ჩართულობა არის აუცილებელი.
სამწუხაროდ, რაც მოხდა ბოლო წლებში, ერთგვარი კონტაქტი და კავშირი თითქმის დაიკარგა, განგრძობადობა დაიკარგა და არ იყო აქტიური ჩართულობა ამ ახალგაზრდებთან. რა თქმა უნდა, ყველა არის დასაქმებული და ყველამ თავისი ცოდნის რეალიზება მოახდინა და მოახდენს, მაგრამ იდეა რაშიც მდგომარეობდა თავში, როდესაც მე ეს ცენტრი შევქმენი, იყო შემდეგი, რომ ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ამ ახალგაზრდებში, ვარჩევთ საუკეთესოებს, ობიექტურად და შემდეგ მოხდეს მათი ცოდნის, ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს დაიკარგა გარკვეული პერიოდი და ახლა ჩვენ ვმუშაობთ მაგ მიმართულებაზე, რომ აღვადგინოთ და მასშტაბები გავაფართოოთ. რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროგრამაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024