10-01-2018
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა. მის პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ადმინისტრაციასაც უხელმძღვანელებს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელმძღვანელობას. ბევრი რამ გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატისთვის. გაძლიერდა რეგიონალური მიმართულებები, თუმცა რა თქმა უნდა, მე მაქვს საკუთარი ხედვები აპარატის საქმიანობასთან სტრატეგიული მიმართულებებით და ვფიქრობ, ამ გუნდთან ერთად შევძლებ მიზნების განხორციელებას.
თამარ გვარამაძე კანონის თანახმად ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას, აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე მენეჯმენტის და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით. ის გახლავთ თსუს-ს სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. უმუშავია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატს რამოდენიმე წლის განმავლობაში და მისი მონაწილეობით და ჩართულობით დაიცვა ასობით ადამიანის უფლება. ძირითადად მუშაობდა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებებზე. აქვს ხანგრძლივი მენეჯმენტის გამოცდილება როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებაში. თამარ გვარამაძე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. საჯარო სამსახურში ეკავა მენეჯერის პოზიციები.
თამარ გვარამაძე განათლების სამინისტროში იყო ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, აქვს საკმაოდ ვრცელი და წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის, ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის. თამარ გვარამაძე არის ექვსი კვლევის, ორი რეცენზიის და ათეულობით მონიტორინგისა და საკონსულტაციო ანგარიშის თანაავტორი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, თამარს ეკავა შსს-ს სამართლის აკადემიის ხელმძღვანელის პოზიცია.
გიორგი ბურჯანაძე ფლობს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს, ასევე სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხს, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მუშაობდა წლების განმავლობაში საია-ში მართლმსაჯულების მიმართულებით. 2010 წლიდან საქმიანობა გააგრძელა სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტში. იყო პირველი სასამართლო მეგობრის მოსაზრების ავტორი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის სახელით გაიგზავნა სასამართლოში.
გიორგი ბურჯანაძე 2012-2014 წლებში მუშაობდა ევროკავშირის პროექტში. 2014 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“ და იყო ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი. პროგრამის ფარგლებში, ჩართული იყო ისეთ აქტუალურ რეფორმებსა და საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებას, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებას, საკონსტიტუციოში სარჩელის წარდგენას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონპროექტის მომზადებას და მის ადვოკატირებას, ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ სისხლის სამართლის კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილებას, სასკოლო ბულინგის დაძლევის საპილოტე პროექტს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტებს.
ეკა სხილაძე 2013 წლიდან მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წლიდან იკავებდა სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება და შედეგები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველისთვის შენარჩუნდეს მისი გამოცდილება და დაგვეხმაროს ამ მიმართულებით საკითხების და პრობლემების კიდევ უფრო წამოწევაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამ დრომდე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებდა, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა. სახალხო დამცველის მეორე მოადგილე კი ეკატერინე სხილაძე იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე ასევე 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა.