3-07-2023
6 ივლისს, 09:30 საათზე, სასტუმრო ბილტმორში კონფერენცია - „რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის მდგრადობა - გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიხსნება. ღონისძიება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებით, ევროკავშირთან და ევროპულ ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით იგეგმება.
კონფერენციის მთავარი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, საინვესტიციო გარემო, გაზრდილი ტვირთბრუნვა, გამოწვევები და მათი მოგვარების გზები იქნება. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ შესაძლებლობეზე, რომელსაც სატრანზიტო დერეფანი ქმნის საქართველოსთვის.
მათ საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ ევროკავშირის ხედვას საქართველო-ევროპის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მოისმინონ ევროპული ბიზნესასოციაციის მოხსენება, სატრანზიტო პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართავს - ეიპიემ ტერმინალს ფოთის წარმომადგენლი. ღონისძიების მეორე ნაწილში კი იმსჯელებენ - რა როლს თამაშობს სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირებაში დაზღვევა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე: “შუა დერეფნის” როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. თუმცა ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია მომატებულ გამოწვევებს შესაბამისად ვუპასუხოთ. ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება არის სატრანსპორტო ოპერატორების ფინანსური რისკები, რომლისგანაც თავის დაცვის ერთადერთი მექანიზმი სწორედ დაზღვევაა. შუა დერეფნის როლის ზრდასთან ერთად, ბაზარზე არაერთი ახალი აქტორი გაჩნდა, რომლებსაც შესაბამისი ცნობიერება და გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, ხშირად სახეზეა არასრული დაცვა, ზოგჯერ კი საქმე გვაქვს ვადაგასულ ან არააქტიურ პოლისებთან. ეს გამოწვევები პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ გადამზიდავ/ექსპედიტორ კომპანიებს, არამედ აფერხებს სატრანზიტო დერეფნის გამართულ ფუნქციონირებასაც.
ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუდმივად ვზრუნავთ. სწორედ ამაზე მეტყველებს კონფერენცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცოდნა და გამოცდილება გავცვალოთ. ჩვენ პრობლემების რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტა ბაზარს უკვე შევთავაზეთ და ღონისძიებაზე დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს. ჩვენ ამ გზაგზე ცხადია, ვეყრდნობით აქციონერის - “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გამოცდილებასა და ექსპერტიზას.“
ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ჯონბრა ეკევლდტი: “აღსანიშნავია რომ, ევროპული ბიზნესასოციაცია როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია სრულად წევრების მიერ მართული გაერთიანებაა და ყოველი განხორციელებული აქტივობა თუ პროექტი სრულ თანხვედრაშია წევრი კომპანიების ინტერესებსა და საჭიროებებთან. ევროპული ბიზნესასოცია კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზად საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატით წარმართულ დისკუსიებს მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კომპანიების თანამონაწილეობა რათა მაქსიმალურად მოხდეს კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმარებისას, როგორც სახელმწიფო სექტორის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ასევე პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ. „ჯიპიაი ჰოლდინგი,“ როგორც ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი კომპანია, გამოირჩევა ბაზარზე მაღალი სანდოობით, თანამედროვე ევროპული სტანდარტებითა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით. შესაბამისად მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა სწორედ „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად ვიმუშაოთ ისეთ მნიშნელოვან საკითხზე როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს“.
კონფერენციაში მონაწილეობას 120 -ზე მეტი დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან და სატრანზიტო და სადაზღვევო ინდუსტრიდან.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს .
16-11-2024
16-11-2024