3-07-2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევაზე პირველი არხის გადაცემაში ისაუბრა, რომლის თქმითაც, „დაახლოებით 2 წლის, ძალიან რთული ადგილობრივი არჩევნები სწორედ ამ შემადგენლობამ და ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაატარა“.
„ეუთო/ოდირი იცით, რომ არის ევროსაბჭოს უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია და პერსონალურად მის მიმართ შენიშვნა არავის გამოუხატავს, მაგრამ რატომღაც თვალში არ მოუვიდა ქალბატონ პრეზიდენტს ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი. შენიშვნა არ აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, სამაგიეროდ, შენიშვნა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ეტყობა ხელში უნდა ჩაიგდოს ცესკო და ის აკეთოს, რასაც დიდი დროის მანძილზე აკეთებდა - აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, ასეთ პერიოდს საქართველო ვეღარ დაუბრუნდება“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
აგრეთვე, ცაგარეიშვილმა ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა.
„ჩვენ გვექნება სრულად ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების საშუალება, დაველოდოთ 2024 წელს. ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. იცით, რომ რამდენიმე შუალედური არჩევნები სწორედ ელექტრონული წესით ჩავატარეთ. ეს იყო, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ამიტომ, ახლა მთელი ქვეყანა გადავერთეთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე, სადაც ნებისმიერი ჩარევა მინიმალურ დონეზეც, მათ შორის წევრების მხრიდან, მომავალი თავმჯდომარის მხრიდან იქნება დაყვანილი ფაქტობრივად ნულამდე.
8 საათზე უბნები დაიკეტება, თითქმის 10-20 წუთში სრულიად საქართველოს ეცოდინება არჩევნების პირველადი შედეგი და ამით დასრულდება მუდმივი ღამის ბრძოლა საუბნო-საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა ვიქნებით კმაყოფილები ამ შედეგით“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024