4-07-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.
ელჩს არქივი პარიზში, ელისეს შვილებმა თინათინ და ოთარ პატარიძეებმა გადასცეს. საარქივო მასალა - ელისე პატარიძის სტატიები, მოხსენებები და პუბლიკაციებია, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ქართველი საზოგადოებისთვის, პატარიძეების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი ელისე პატარიძის შვილთაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
რექტორმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც იგი აქტიურად ეწევა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებასა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღნიშნული არქივი ცალკე კოლექციის სახით იქნება დაცული და მასალა გაციფრულდება.
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის თქმით, საქმე რომელსაც იგი ემსახურება ძალზე საინტერესო და საპასუხისმგებლოა. „მაქსიმალურად ვცდილობ, საფრანგეთში, სადაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები ემიგრაციაში იყვნენ, მოვიძიო და გავეცნო ინფორმაციას მათ შესახებ. ყველა არსებული დოკუმენტი და პირადი ნივთი, რომელიც ჩვენს ემიგრანტებს ეკუთვნით დავაბრუნო ქვეყანაში. ეს დოკუმენტები ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ მას გაეცნობიან, მასზე იმუშავებენ დაინტერესებული პირები და მკვლევრები,“- აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა.
ელისე პატარიძე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების (1917 წ.) შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იგი აქტიურ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი მთავარი კომიტეტის მდივანი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციას შეუერთდა. ელისე პატარიძეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ნათელ მოგონებად დარჩა თბილისის უნივერსიტეტში გატარებული წლები. ამ სიყვარულის ნიშნად მან 1962 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ორტომეული რარიტეტი: ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის „მოგზაურობა აღმოსავლეთში“ (პარიზი, 1717 წ.) აჩუქა.
16-11-2024
16-11-2024