4-07-2023
მეოთხე პრიორიტეტის - ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე.
„მეოთხე პრიორიტეტი - ეს არის ანტიკორუფციული ღონისძიებები.
აქ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა. არის მთელი რიგი ფუნქციები, რამაც თავი მოიყარა ანტიკორუფციულ ბიუროში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და აღსრულება, ეს არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის სისტემა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგმაც გადმოინაცვლა ამ ბიუროში და ეს არის ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია.
ანუ რაც იყო ერთ - ერთი მთავარი რეკომენდაცია ფუნქციების თავმოყრა ერთ ორგანოში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ გავყევით და შევასრულეთ. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, აქ იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მაგალითად სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოიწონა ის კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში დაინიშნა ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024