გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს პარლამენტში, რაც შეეხება ოპოზიციას, იმედია მომავალში მათი ქმედებები იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული

4-07-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა, სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებულ პუნქტზე საუბრისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, ეს არის სამომავლო მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენა ევროკომისიამ.

 

მისი თქმით, აქ არის წარმოდგენილი მთლიანობაში 20 კონკრეტული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პრიორიტეტებთან.

 

„პირველი, რასაც ითხოვს ევროკომისია, ეს არის დეპოლარიზაციის კუთხით ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ანუ მონიტორინგზეა საუბარი, რაც ხორციელდება და რა თქმა უნდა, ეფექტიანობის კუთხით მნიშვნელოვანია სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობა და იმედია, მომავალში მაინც ჩაერთვებიან ამ მონიტორინგში შესაბამისი სუბიექტები.

 

მეორე არის უხეში რიტორიკის დასრულება - ესეც რთული საკითხია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს ვითარება ჩვენს ქვეყანაში.

 

მესამე, ეს არის წარსული პოლიტიკური შეთანხმებების, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ელემენტების პატივისცემა. ძირითადი ელემენტები რა იყო, ყველას გვახსოვს ამ შეთანხმების, ეს იყო ის, რომ უმრავლესობის მხრიდან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ოპოზიციის სათანადო ჩართულობა საპარლამენტო მუშაობაში და ოპოზიცია თავის მხრივ, სათანადოდ უნდა ჩართულიყო პარლამენტის მუშაობაში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს პარლამენტში, რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათი გადასაწყვეტია, იმედია მომავალში მათი ქმედებები იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული.

 

რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება - პრაქტიკის გაუმჯობესებაზეა საუბარი, ანუ კანონმდებლობა უკვე შეფასდა დადებითად, ახლა საუბარია უკვე მის აღსრულებაზე და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაში, ამ პრიორიტეტის შესრულება არსებითად ოპოზიციაზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ მთავარი, ვინც უნდა გამოიყენოს ზედამხედველობის ბერკეტები პარლამენტში, ბუნებრივია არის ოპოზიცია. საარჩევნო დარღვევების სათანადო გამოძიება ოდირის ანგარიშების შესაბამისად - აქ დაგვჭირდება დაზუსტება რა იგულისხმება.

 

თქვენ გახსოვთ, საგამოძიებო კომისია შეიქმნა საგანგებოდ პარლამენტში იმისათვის, რომ გამოძიებულიყო მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები. სავარაუდოდ, იგულისხმება სამომავლო დარღვევები, რაც სამომავლო არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ამაზე გვექნება კონსულტაციები ბუნებრივია ევროკომისიასთან. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ძველი პროცედურის დაბრუნება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავძლიეთ ვეტო, რომელიც ამ თემას უკავშირდებოდა. აქაც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები ევროკომისიასთან გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ინსტიტუციური კრიზისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც იქნება ბუნებრივია ძალიან მძიმე ზოგადად სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკომისიასთან. შემდეგი თემა ეს არის სასამართლო რეფორმის პაკეტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში.

 

რეალურად უკვე გაიგზავნა ეს პაკეტი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ ვენეციის კომისიაში. ანუ, პრაქტიკულად აქტუალობა დაკარგა ამ რეკომენდაციამ. მეორე მნიშვნელოვანი თემა- შედარებით ფართო სასამართლო რეფორმის, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება. აქაც დაგვჭირდება ჩვენ კონკრეტიკა. ჩვენ როცა გვქონდა საკომიტეტო განხილვები და შემდეგ პლენარულ სხდომებზე განხილვები, არაერთხელ ვითხოვეთ ოპოზიციისგან, რომ წარმოედგინათ კონკრეტული წინადადებები ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთი წინადადებები ვერ წარმოგვიდგინეს. დაგვჭირდება კონსულტაციები ევროკომისიასთან იმისათვის, რომ მეტი კონკრეტიკა მივიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი რჩება ბუნდოვანი, ვიდრე ამ კონკრეტიკას არ მივიღებთ.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 წევრის არჩევა- ყველანაირად ვეცდებით, მაგრამ ბუნებრივია მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შემდეგი თემა ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა- პრაქტიკაში ახალი კანონმდებლობის სწორად დანერგვაზეა საუბარი. ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების წარმოება კანონპროექტების შესახებ, რაც სამომავლოდ ამ სფეროში იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და OECD-ს ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა. ამ გასვლას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. აქაც მზად ვართ კონსულტაციებისთვის.

 

თუ გარკვეული პირობები იქნება დაკმაყოფილებული რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავბრუნდებით ამ ქსელში. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის არსებული სახით არმიღებას- აქაც დაგვჭირდება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაგვიკონკრეტონ, თუ რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში. თუ არ იგულისხმება პერსონალიზებული მიდგომა, მაშინ დეოლიგარქიზაციაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი. თუ საუბარია მხოლოდ სისტემურ მიდგომაზე, მაშინ უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების ხრიდან. კანონმდებლობის მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად სისტემური მიდგომის მიხედვით, მათ შორის, კონკურენციისა და პარტიების დაფინანსების სფეროში- აქ უკვე არსებითად გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.

 

შესაბამისად, აქაც დაგვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან და ბუნებრივია გვექნება კონსულტაციები ამ თემაზე. შემდეგი საკითხია „MONEYVAL“-ის რეკომენდაციების შესრულება. ეს ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. ეს არ არის პოლიტიზებული საკითხი. გვექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს „MONEYVAL“-ის რეკომენდაციებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის გადასინჯვა ევროსაბჭოს დასკვნის შესაბამისად- ეს კანონი უკვე მივიღეთ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ზეპირი ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების თავისუფლების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება- აქაც პრაქტიკაზეა საუბარი. ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ინკლუზიური ფორმით შემუშავება- რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, სტრატეგია უკვე არის დამტკიცებული და სამოქმედო გეგმაც შემუშავდება და ინკლუზიურობისთვისაც ვართ მზად. სექსუალური უმცირესობის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა- ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა და რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების წარმოება- ამაზეც მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე, პირადად არის ჩართული ამ საკითხის დარეგულირებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქაც მზად ვართ თანამშრომლობისთვის“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930