გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: სინანულს იწვევს უკრაინის ხელისუფლების აშკარა არამეგობრული დემარშების კასკადი საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს მიმართ, რომლის დამაგვირგვინებელი იყო უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განკარგულება

5-07-2023

საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდანვე ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად სოლიდარულია უკრაინისადმი და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში დასტურდება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ლტოლვილებს არამხოლოდ ფულად დახმარებას უწევს, არამედ სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობასაც სთავაზობს.

 

 როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯები იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასათბურე პირობებში იმყოფებიან, სინანულს იწვევს.

 

“საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდანვე ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად სოლიდარულია უკრაინისადმი და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში დასტურდება. – დაწყებული ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან და რეზოლუციების მხარდაჭერიდან და დამთავრებული რიგითი მოქალაქეების მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებისა და უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის დაბინავებით. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის მასშტაბური დახმარება, რაც გაეწია უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იძულებით აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ან ვისაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოში სტუმრობისას მოუსწრო. ხელისუფლების მიერ მათი დახმარების მიზნით შემუშავებული სპეციალური პროგრამის საფუძველზე გაიცა ფულადი სახსრები 3 თვის ვადით, როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის - თითოეულ ოჯახზე თვეში 300 ლარის ოდენობით, ხოლო საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად - ოჯახის თითოეულ წევრზე თვეში 45 ლარის ოდენობით.

 

უკრაინის მოქალაქეები ჩაერთვნენ სამედიცინო მომსახურების პროგრამაში, რის საფუძველზეც უკრაინიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ხორციელდება აუცილებელი სამედიცინო სერვისების უფასოდ მიწოდება, მათ შორის რეფერალური მომსახურება, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი, დიაბეტის მართვა და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დიალიზი, იმუნიზაცია და მრავალი სხვა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სოლიდარობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ქართველი ხალხის თანადგომისა და უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში ყოფნის თითქმის „სასათბურე“ პირობების არაპირდაპირი გამოხატულებაა ისიც, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე (2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით) საქართველოდან უკრაინაში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები, წინასაომარ მშვიდობიან 12-თვიან პერიოდთან შედარებით, 63.2 პროცენტით გაიზარდა. ასეთ პირობებში აშკარად ასიმეტრიულია და შესაბამისად, სინანულს იწვევს უკრაინის ხელისუფლების აშკარა არამეგობრული დემარშების კასკადი საქართველოს ხელისუფლებისა და ფაქტობრივად მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს მიმართ, რომლის დამაგვირგვინებელი იყო უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განკარგულება ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩის სასწრაფო წესით უკრაინის დატოვებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან „კონსულტაციების მოთხოვნით“.

 

უმადურობა არც ცალკეულ პირს ამშვენებს და მით უმეტეს - არც სახელმწიფოსა და მის მესვეურებს. - არ უნდა ეძებო მტრები და მით უფრო, არ უნდა შერაცხო მტრებად შენი ნამდვილი და პოტენციური მეგობრები. უკრაინული პოეზიის კლასიკოსი მიკოლა ბაჟანი იმითაცაა ცნობილი, რომ მას რუსთაველის პრემია აქვს მინიჭებული უკრაინულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისათვის. არად, ჯერ კიდევ როდის აქვს სულმნათ შოთას ნათქვამი: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია...“.” - წერს სოსო არჩვაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930