8-07-2023
„როცა ხაბეიშვილს ირჩევ პარტიის თავმჯდომარედ, ფაქტობრივად მიდიხარ ესკალაციაზე და ყოველი შენი შემდგომი ნაბიჯი არის ესკალაციის გამოწვევა. ფიზიკისა და ადამიანური კანონების თანახმად კი რაც მეტია ზეწოლა, მით მეტად იზრდება წინააღმდეგობა, რომელიც ხშირად გადადის მიუღებელ აგრესიაში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მარტის აქციების პერიოდმა ქვეყანას სარგებელი მოუტანა იმ მხრივ, რომ ოპოზიციას ნაადრევად გამოუაშკარავდა წლის ბოლოსთვის მომზადებული გეგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„მარტის აქციების ყველაზე დიდი შედეგი, გამარჯვება და წარმატება ჩვენთვის იყო ის, რომ რასაც ამზადებდნენ წლის ბოლოსთვის, აფეთქდა, გასკდა ის ბუშტი. ვერც წლის ბოლოს მოახერხებდნენ ვერაფერს, თუმცა გაცილებით ნაკლები ზიანით გამოვიდა ქართული სახელმწიფო ამ ყველაფრიდან, რადგან ვადაზე ადრე მოუვიდათ ამოქმედება იმ ნაღმებისა, რომელთაც დებდნენ მის საძირკველში. ამ ნაღმების ჩადება, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, დაწყებულია, მაგრამ ყველაზე სერიოზული იყო, „აკერმანის“ ე.წ. ტრენინგები ბაკურიანში, სადაც ამზადებდნენ რევოლუციას. მე კი ვიცი პასუხი, თუმცა ქალბატონი დეგნანისგან მაინც ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, ესწრებოდა და მონაწილეობდა, თუ არა ამ ტრენინგებში ქალბატონი ელჩი.
ზოგადად, გარდა იმისა, რომ მთლიანად ვმონაწილეობთ საპარლამენტო საქმიანობაში, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ნამდვილად დასარეგულირებელია. მათ შორის ერთ-ერთია ცილისწამების კანონი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ შედეგი მივიღოთ და არ შეგვრჩეს მხოლოდ ხმაური. ამას სჭირდება წინასწარი მუშაობა. რაც შეეხება მეორე კანონს, გველოდება ლგბტ კვირეული.
ის, რაც ადამიანის უფლებათა დაცვად შეიძლება, ჩათვლილიყო 10, 15, ან 20 წლის წინ, დღეს ამისგან სულ განსხვავებულ რამეს ითხოვენ, პირდაპირ შეტევაზე არიან გადმოსული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციაში თუ წერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, უკრაინასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც ჩაითვალა, რომ ორ ერთი და იმავე სქესის პიროვნებას რომ ოჯახის შექმნის უფლებას არ აძლევდა უკრაინის კანონმდებლობა, ეს ჩაითვალა ადამიანის უფლებების დაცვის საწინააღმდეგო ქმედებად.
ქვეყანა უნდა ავაშენოთ, ეკონომიკა განვავითაროთ, ადამიანის უფლებები დავიცვათ და ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, ტრადიციასა და ღირსებას, არ უნდა დავიცვათ, თუმცა არც ფიზიკურ ძალადობაში უნდა გადავიდეთ. ამ ბოლო დღეებში ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა იყო. როცა ხაბეიშვილს ირჩევ პარტიის თავმჯდომარედ, ფაქტობრივად მიდიხარ ესკალაციაზე და ყოველი შენი შემდგომი ნაბიჯი არის ესკალაციის გამოწვევა.
ფიზიკისა და ადამიანური კანონების თანახმად კი რაც მეტია ზეწოლა, მით მეტად იზრდება წინააღმდეგობა, რომელიც ხშირად გადადის მიუღებელ აგრესიაში, ამიტომაც როდესაც დეესკალაციაზე საუბრობენ, საჭიროა, დააგდონ ტემპერატურა. ხაბეიშვილმა და მისმა ამფსონებმა უნდა ისაუბრონ ტემპერატურის დაწევაზე და არა აწევაზე“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024