10-07-2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ „საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“.
პაპუაშვილის თქმითვე, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, ცოტა რამ თუ შეიცვალა.
„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.
იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.
მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.
ტრადიციულად არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.
პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და, უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.
საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.
მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.
ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.
საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.
ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში.
შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“,- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
16-11-2024
16-11-2024