11-07-2023
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა.
პრეზენტაცია სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.
ანგარიში ათასამდე ბენეფიციარისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის, ექსპორტის მხარდაჭერის, სესხის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.
„მთავარ კითხვაზე - შეძლებდნენ თუ არა კომპანიები სააგენტოს დახმარების გარეშე ამ შედეგების მიღწევას, გრანტის ან სესხის აღებას, ბენეფიციარების უმეტესობა პასუხობს რომ ან ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ ორი წლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ახდენენ ბიზნესმფლობელების სტიმულირებას, იმისთვის რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოვებლად. რომ არა ეს პროგრამები, არ იქნებოდა 60 000 ახალი სამუშაო ადგილი, არ იქნებოდა 2.7 მილიარდი ლარის პორტფელი, რომლის სტიმულირებაც ამ ადამიანებმა მოახდინეს. ამასთან, ის კომპანიები ვერ გავიდოდნენ ექსპორტზე, რომლებიც ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით მოახერხეს ეს" - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
ანგარიშის თანახმად, მიკროგრანტების პროგრამის განხორციელების პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსდა 8 209 პროექტი, შეიქმნა 21 185 სამუშაო ადგილი, გრანტის მოცულობა კი 91 მილიონ ლარს აჭარბებს.
სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში (2014-2022 წლებში) დაფინანსდა 1 547 პროექტი, შეიქმნა 33 000-მდე სამუშაო ადგილი, სესხის მოცულობა კი 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს.
ამ მონაცემებით, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერით დაფინანსებულია - 722 პროექტი (2020-2022 წლები), შექმნილია - 11 000-მდე სამუშაო ადგილი, გაცემული სესხების მოცულობა კი 574 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას, განხორციელების პერიოდში 2014-2022 წლებში სააგენტოს მხარდაჭერით, ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია 114 საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე წარადგინეს, სააგენტომ 813-ჯერ დააფინანსა კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 418 ექსპორტის მენეჯერი, ხოლო TRADEWITHGEORGIA.COM-ზე რეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობაა - 800-ს მიუახლოვდა.
პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში საშუალებას აძლევს სააგენტოს, ეფექტურად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით - რა კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს, იმისთვის, რომ ეს მიგნებები სააგენტოს პროექტებში სამომავლოდ იყოს გათვალისწინებული.
ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამინისტროების, საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024