11-07-2023
„დღესდღეობით, ის ფაქტი თუ რატომ არაა საქართველო NATO -ს ან თუნდაც ევროკავშირის წევრი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის წევრ ქვეყნებს აიძულებს საქართველოს გაწევრიანებისგან თავი შეიკავონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის.
„ჩემი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის წერილში მთავარი აქცენტი ის არის, რომ გაცხადდა ის თემა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის ყველანაირად მზად არის და ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის. სხვათა შორის, ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც, როდესაც 2008 წელს საქართველოს არ მისცეს უბრალოდ MAP, ნატოში გაწევრიანების გეგმა და მისცეს მხოლოდ დაპირება, რომ აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი. ამან ჯაჭვური რეაქციის მსგავსად გამოიწვია საქართველოს 20% -ის ოკუპაცია, შემდგომში ყირიმი და დღეს გვაქვს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ, გეოპოლიტიკური მშვიდობისათვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების ნორმალური ფუნქციონერებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი და მიზანშეწონილია საქართველო იყოს NATO-ს წევრი.
ოპონენტები ცდილობენ მარტივი გზით იარონ. უბრალოდ, უაპელაციოდ აცხადებენ, რომ რეფორმები არ სრულდება და თითს იშვერენ გაურკვეველი მიმართულებით, რაც ასე არაა. რეფორმები ნამდვილად სრულდება, ამას მოწმობს არა მხოლოდ ჩვენი შეფასებები, არამედ საერთაშორისო რეიტინგები.
ძალიან ბევრ რეიტინგში ჩვენ ვუსწრებთ იგივე, ნატოს წევრ ქვეყნებს, ეს იქნება კეთილსინდისიერების რეიტინგი, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა და ძალიან ბევრი მსგავსი რეიტინგი. ასე რომ, ეს საერთაშორისო რეიტინგებია, რომლითაც ფასდება საქართველოში ჩატარებული რეფორმების ეფექტიანობა. ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ აღქმებზე მუშაობენ, ვურჩევდი უფრო მეტი წაიკითხონ თუნდაც საერთაშორისო პრესაში და საერთაშორისო რეიტინგებში, გაეცნონ საქართველოს შესახებ შეფასებებს. დღესდღეობით, ის ფაქტი თუ რატომ არაა საქართველო NATO -ს ან თუნდაც ევროკავშირის წევრი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს აიძულებს საქართველოს გაწევრიანებისგან თავი შეიკავონ.
თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს და როგორც დავრწმუნდით მოვლენების შემდგომი განვითარებით, მათმა ამ ზედმეტმა სიფრთხილემ, პირიქით უკუშედეგი გამოიღო. თავის დროზე აჯობებდა საქართველო NATO-ში გაწევრიანებისათვის ეტაპობრივად მომზადებულიყო, თუმცა დღესდღეობით ამ გადაწყვეტილების მიღება დაგვიანებული არაა.
თუმცა, ერთი დღით ადრე ვილნიუსის სამიტამდე, NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მსგავსი ტიპის განცხადებას არ მოველი. ალბათ, იქნება ჩვეულებრივი განცხადებები. ჩვეულებრივ განცხადებებში ვგულისხმობ იმას, რომ არც უარს გვეუბნებიან და არც მაინცდამაინც გვეპატიჟებიან. თუმცა, მე შემიძლია ერთი დადებითი მომენტი აღვნიშნო - ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც მან ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ანუ ეს არის ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ. ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით“, - განაცხადა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024