11-07-2023
„რა კალენდრით ცხოვრობს სააკაშვილი, ჯერ თავისმა მომხრეებმაც კი ვერ გაიგეს. ყოველდღე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ხან ჩრდილო-კავკასიის საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ, დღეს კი რუსეთის ოპოზიციას ჩაეხუტა ჩრდილო-კავკასიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ რამეში შეიძლება სააკაშვილს დაეთანხმოს მისი განცხადებიდან, რომ ის თურმე ამ დიდი, გლობალური ომის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა, რადგან ამას „ხალხის ძალა“ დიდი ხანია ამბობს.
„ვერ გაიგებ სააკაშვილს სად რა ინტერესი აქვს. ერთ რამეში შეიძლება დავეთანხმოთ მისი განცხადებიდან, რომ ის თურმე ამ დიდი, გლობალური ომის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა. ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ - დიახ, გლობალური ომის პარტიამ უკრაინის ხელისუფლების დახმარებით საქართველოში სააკაშვილის „შემოპარება მოახერხა“ არეულობისა და მეორე ფრონტისთვის. ეს დაადასტურა სწორედ დღეს ბატონმა სააკაშვილმა - მას აქვს ხოლმე ასეთი განცხადებები, როცა არ უფიქრდება და აღიარებს იმას, რასაც მანამდე ვამბობდით.
სააკაშვილის განცხადების შემდეგ ხედავთ ხოლმე კომენტარებს „ნაცმოძრაობიდან“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციიდან? ვერ და იმიტომ, რომ ერთ ლაბირინთს რომ გამოუშვებს და 24 საათი ფიქრობენ, რა კომენტარი გააკეთონ ამაზე, მეორე დღეს უკვე ახალი ლაბირინთი აქვს ხოლმე გამომცხვარი.
თუ ისე ჩანს სააკაშვილის განცხადებიდან, რომ ხაბეიშვილს უფრო უჭერს მხარს ვიდრე - მელიას, ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება: ვიცით ყველამ და მათაც აღიარეს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილი ხაბეიშვილის უკან დგანან. გამოდის, რომ ის სახეები, რომლებიც მათ მომხრეებსაც აღარ მოსწონდათ, მერაბიშვილ-კეზერაშვილის სახით და ახლა უკვე თავში სააკაშვილი ემატება (ნუ, ცდილობს ყოველ შემთხვევაში), ერთიანდებიან და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პატიმარმა სააკაშვილმა თქვა, მე ისევ ის ბიჭი ვარ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს ვიყავი და ჩემი ბიჭები - „ხერხემალი“ თუ „მთავარი ფინანსისტი“, აგერ მყავს სულ ყველაო (ეს ხაბეიშვილი უბრალოდ აღმასრულებელ დირექტორად არის დანიშნული).
ეს მოცემულობა კარგია იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს - აუცილებელია 2024 წელს ოპოზიციაში ნორმალური, საღად მოაზროვნე პარტიები მოიყვანოს, რომ ხელისუფლებას ნორმალური, ჯანსაღი ოპონირება გაუწიონ.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024