12-07-2023
წლებია მიდის მუშაობა იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება გაარუსონ. ისინი კადრებენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის არჩევანს, რომ დაუძახონ რუსული და საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან დაახლოებულ ხელისუფლებას - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, პირიქით, დასტურდება, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მთელი თავისი პოლიტიკური ე.წ. „მოღვაწეობის“ პერიოდში აკეთებდნენ რუსულ საქმეს ხან ირიბად, ხან შეფარვით, ხან სხვისი დავალებით, ხან პირდაპირ ჩრდილოეთის, ხან სხვა მიმართულებიდან წამოსული დავალებებით და საბოლოოდ საქმე მაინც რუსული გამოდიოდა, როგორი მიმართულებიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დავალებები.
„მაგალითად, ისინი კადრულობენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დაწყება. დღესაც მოხდა ეს, ამ დროს მათ ხელი აქვთ მოწერილი მოცემულობაზე, რომლიც მიხედვითაც ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ომის დანაშაული ჩაიდინეს. ამის შესაძლებლობა დაუშვეს, ამას მოაწერეს ხელი. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო, რომ მათგან გადამალული ისკანდერის ნაწილებიც კი წლების შემდეგ მოეძიებინა და მოეგო პროცესები როგორც სტრასბურგში, ისე სასამართლოში და იურიდიული საფუძველი პირველად გაჩენილიყო, რომ ოკუპაციის თანმდევი შედეგები გაგვეპროტესტებინა უკვე სამართლებრივად გამყარებული საფუძვლით“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია, ნატო-სკენ სწრაფვა.
„მათ ანგარიშზეა მათი ლიდერის მიერვე, ქვების გროვად მოხსენიებული დაკარგული ტერიტორიები, მათ ანგარიშზეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპეციალურად და ხაზგასმით, ომის დაწყების და სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება და ეს ხალხის სხვას ეძახის პრორუსულს. ჩვენი კოლეგა ქალბატონი გამოდიოდა ერთერთი და ამბობდა - მე არ მჯერა. რა გვჯერა და რა არ გვჯერა, მოდით, ფაქტებზე ვილაპარაკოთ, ვინ რა ქნა. წეღან საუბარიც შედგა ჩვენს შორის, დეტალებს არ მოვყვები, მაგრამ ამ ხალხს მართლა ავიწყდება, გულწრფელად დავიჯერე, რომ რაღაც მომენტში არ ახსოვდა და მე ვეუბნებოდი, რომ 2007 წელს ჯერ სამხრეთ ოსეთი დაარქვეს სიტყვა ყოფილის დამატებით, შემდეგ ტერიტორიები შემოუსაზღვრეს, ახლა ბორდერიზაციას რომ ახორციელებენ და მიყვებიან წითელ ხაზებს, თავად, თვითონ შემოუსაზღვრეს, საზღვრების დადგენის შესახებ დადგენილება მიიღეს, მერე 2008-ში ჩააბარეს ეს ტერიტორიები, დააბრალეს სამხედროებს თუკი რაიმე შეიძლებოდა, უკადრებელი კადრეს და შემდეგ უკვე რუსებს ეპატიჟებოდნენ.
დღეს რომ ვიზებზე, შემოსვლა-არ შემოსვლაზე, ფრენებზე, რაღაცეებზე გვამუნათებენ, თვითონ მათი ლიდერი, ბელადი იდგა საზღვარზე და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს, დიდი დრო არ იყო ომის მერე გასული. სტრატეგიული ობიექტები გაყიდეს და ა.შ. გაცვდა უკვე ეს ფრაზები იმდენჯერ ვახსენეთ, მაგრამ სულ უნდა შევახსენოთ. ეს არის მათ ანგარიშზე. ევროინტეგრაცია, ნატო-სკენ სწრაფვა, ქმედითი, ჩვენს ანგარიშზეა, სამწუხაროდ, ხშირად არ გვიფასდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ამ გზას მივყვებით, ამ უაზრო, ამორალური დამუნათებების მიუხედავად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024