გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივი მედია: საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ ჩილეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

17-07-2023

მიმდინარე კვირას, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი შესრულდა, ჩილეში იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელთა მისია, ამ სახის პირველი ვიზიტით, რათა შეხვედროდნენ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს და განეხილათ თანამშრომლობის შესაძლო სფეროები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა აქვეყნებს.


ერთ-ერთი გამოცემის სტატიაში წერია, რომ საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დელეგაციამ, რომელიც შედგებოდა დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჩილეში საქართველოს ელჩის, გვარამ ხანდამიშვილისა (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) და საელჩოს მრჩევლის, ნინო ფიფიასგან, შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გლორია დე ლა ფუენტესთან, ჩილეს კონგრესის ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრებთან, სენატის პრეზიდენტთან, ხუან ანტონიო კოლომასთან და ჩილე-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, სახელმწიფო მდივნის მოადგილის დე ლა ფუენტესა და დეპუტატ სამხარაძის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა თემები, „სხვა საკითხებთან ერთად, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ასპექტები, დაკავშირებული ტურიზმსა და აკადემიებს შორის თანამშრომლობის კუთხით, გამოცდილების გაცვლასთან“. ამასთან, ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, თანამშრომლობის გზით, ხელი შეეწყოს და გაგრძელდეს მჭიდრო ურთიერთობები“.


საქართველოს საელჩოს განცხადებით, ვიზიტისას, ასევე საუბარი შეეხო საპარლამენტო დონეზე ორმხრივ თანამშრომლობას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გამოცდილების გაცვლას, საჯარო სერვისების გაწევის საუკეთესო პრაქტიკებსა და საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, ორმხრივ მხარდაჭერას.


სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, რომელსაც 2008 წელს რუსეთი დაუპირისპირდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო, უკრაინის მსგავსად თავისი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ამოცანად აქვს საბოლოოდ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.


„ელ მერკურიოსთან“ კომენტარის სახით, სამხარაძემ ვიზიტი „პოზიტიურად“ შეაფასა და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ორივე ერი საერთო ინტერესებს იზიარებს.


„დიდად ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩილეს მიერ, ისევე როგორც იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომელთაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარადგენს“, - აღნიშნა მან.


მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსთვის, ჩილე „საიმედო პარტნიორია“ სამხრეთ ამერიკაში, რადგანაც „ორივე ქვეყნას აქვს ღია ეკონომიკა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო სპექტრი, რაც ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რათა სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930