18-07-2023
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ვრცელი ფეისბუკპოსტით ეხმაურება და ამბობს, რომ „კრედიტ სუისი“ არ იყო იმ თავხედური ყაჩაღობის ინიციატორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება:
„დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ „კრედიტ სუისი“ არ იყო იმ თავხედური ყაჩაღობის ინიციატორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება. მთელი ეს პროცესი იმართებოდა და იმართება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ, რომელიც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტს სრულად აკონტროლებს.ისიც ყველას გახსოვთ, თუ როგორ ცენზურას ექვემდებარებოდა ყველა სტატია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამერიკულ და ევროპულ გამოცემებს აწვდიდნენ. ისინი დიდი ენთუზიაზმით ბეჭდავდნენ მასალებს, რომლებიც ბანკის რეპუტაციას აზიანებდა. თუმცა, როგორც კი სტატიები ბანკის მენეჯმენტს შეეხებოდა, ისინი ცენზურის ყრუ კედელს აწყდებოდა.
აქედან ჩანს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დღეს მედიის თავისუფლება ამერიკასა და ევროპაში.ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ერთ დროს შვეიცარიული საბანკო სექტორის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ მისივე მენეჯმენტის ხელით ჩამოშალეს და ბანკს აქციების ფასი ზუსტად ასჯერ შეუმცირეს. ამაში მათ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმეც წარმატებით გამოიყენეს. თან ბანკს ანადგურებდნენ და თან ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟს ახორციელებდნენ.უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს მისი კუთვნილი თანხები არა „კრედიტ სუისში“, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკში - „იულიუს ბერში“ აქვს განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ „კრედიტ სუისს“ ამ თანხების მიმართ ვერავითარი სუბიექტური ინტერესი ვერ ექნებოდა.
თუმცა, ანგარიშს „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანია - ტრასტი ემსახურებოდა და თანხების გადმორიცხვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სწორედ ის ბლოკავდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც საქმეს „კრედიტ სუისის“ ტრასტიც გამოეთიშა, მაგრამ პრობლემა არ მოიხსნა. ამჯერად თანხების გადმორიცხვას ბლოკავენ ამერიკული და ევროპული ფონდები, რომლებიც ე.წ. ჰეჯფონდის გავლით ბიძინა ივანიშვილის აქტივებზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ.ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ყაჩაღობის ინიციატორი „კრედიტ სუისი“ არასოდეს ყოფილა.
თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ „კრედიტ სუისი“ გადარიცხვებს მისი ფინანსური პრობლემების გამო აფერხებდა, ეს ვერსია საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც უკვე ითქვა, ყველაფრის სათავეში დგანან ამერიკული სპეცსამსახურები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნებასა და საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განადგურებას ხელი არ მოაწერა და შურისძიება და შანტაჟი მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება.რთული სათქმელია, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ სამართალი იზეიმებს - საქართველოც შეძლებს მშვიდობის ბოლომდე შენარჩუნებას და ბიძინა ივანიშვილიც დაიბრუნებს კუთვნილ თანხებს. ყაჩაღობისა და თავხედობის შეუზღუდავი რესურსი ამერიკულ სპეცსამსახურებსაც კი არა აქვთ და ეს რესურსი რაღაც მომენტში აუცილებლად ამოიწურება“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
16-11-2024
16-11-2024