20-07-2023
უკრაინა და დასავლეთი დამანგრეველი მარცხის წინაშე დგანან - ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს.
„მას შემდეგ, რაც გასულ წელს პუტინის ტანკები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მაგიდაზე იდო სამი ვარიანტი იმისა, თუ როგორ დამთავრდებოდა ეს ომი: ერთი ან მეორე მხარის გამარჯვება, გაყინული კონფლიქტი ან მოლაპარაკების გზით მოგვარება. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის მიერ ამ კვირაში გაკეთებული საჯარო კომენტარები, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი უფრო სავარაუდოა, ვიდრე ადრე ეგონათ.
არესტოვიჩმა წამოაყენა უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობების პერსპექტივა იმის სანაცვლოდ, რომ დანარჩენი ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გარანტიას - ნატოში გაწევრიანებას. ეს კომენტარები ძალზე საკამათო აღმოჩნდა. ასეთი შედეგი არა მხოლოდ ბევრისთვის არასასიამოვნო იქნებოდა კიევში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, არამედ მისი გახმოვანება ხაზს უსვამს მზარდ გაურკვევლობას ომის გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ - განსაკუთრებით უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს შორის.
არესტოვიჩის წინადადება გადამწყვეტ დროს გამოითქვა. დიდი ხნის დაგეგმილი კონტრშეტევა, რომელიც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე პრობლემას წააწყდა - პირველ რიგში, კიევი ჯერ კიდევ ელოდება წლის დასაწყისში დაპირებული დასავლური სამხედრო ტექნიკის ნახევარს. ამავდროულად, უკრაინული ძალები სულ უფრო მეტად იყენებენ რეზერვებს, ვინაიდან რუსული ჯარები - მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება ცნობები ფრონტზე დაბალი მორალური სულისკვეთების შესახებ - რჩებიან პოზიციებზე, როგორც ჩანს, და აპირებენ, ერთგულად დაიცვან უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, რომელიც გასულ წელს დაიპყრეს.
უკრაინელების წინაშე ძალიან რთული ამოცანები დგას. მათ არ ჰყოფნით საჰაერო თავდაცვა და თანამედროვე თვითმფრინავები, რათა დაიცვან სახმელეთო ჯარები რუსული ვერტმფრენებისა და გამანადგურებლებისგან. ამ დროს კი, უკრაინელმა სამხედროებმა უნდა გადალახონ დანაღმული ტერიტორიის არაერთი კილომეტრი, სატანკო ხაფანგები, შემდეგ კი რუსული თხრილები. ამ დამქანცველ მცდელობას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ამას მოელოდა დროდადრო მოუთმენელი საერთაშორისო აუდიტორია.
უკრაინელების მხარეს არაა დრო, რომელიც ალბათ ომში ყველაზე სასტიკი ფაქტორია, ვინაიდან მისი შეცვლა შეუძლებელია. ეს გამოჩნდა ნატოს ოპერაციაში ავღანეთში, სადაც თალიბები სიამოვნებით იმეორებდნენ ცნობილ ავღანურ ანდაზას: „თქვენ შეიძლება გქონდეთ საათები, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო”.
ბრძოლა გაგრძელდება ზამთრამდე, რა დროსაც ჯარებს უჭირთ მაღალი ინტენსივობის ომის წარმოება. ეს მხოლოდ მეტ დროს მისცემს რუსეთს თავდაცვის გაძლიერებისთვის, როგორც ეს გასულ ზამთარში გააკეთა. ამავდროულად, დასავლეთში, მთელი ყურადღება აშშ-ის მომავალ არჩევნებზე იქნება გადატანილი, დიდი ყურადღება დაეთმობა ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებსაც. კიევმა იცის, რომ მას აქვს შესაძლებლობების მოკლე ფანჯარა, გამოიყენოს ბრძოლის ველზე ინიციატივა და დაიბრუნოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია.
თუ კიევი ვერ შეძლებს ზამთრამდე საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნებას, ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბრები გახშირდება - არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ დასავლურ დედაქალაქებშიც, ვინაიდან „ომისგან დაღლილობა“ მატულობს, საბრძოლო მასალების საერთაშორისო მარაგები იწურება, პოლიტიკოსები კი იწყებენ შიდა არჩევნების წინ ბიუჯეტზე ფიქრს. დასავლეთის მთავრობები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობების საშინელი პერსპექტივისთვის, როგორც წარუმატებელი კონტრშეტევის ერთ-ერთი პოტენციური პოლიტიკური შედეგისთვის.
ეს ნამდვილად ხელსაყრელი შედეგი იქნებოდა ჩინეთის მმართველი საგარეო პოლიტიკური ელიტისთვის. პეკინი ძალიან მოხარული იქნება, თუ ომი დასრულდება უკრაინის გაყოფით, რუსეთის ჯარები მუდმივად დარჩებიან დონბასში, შეავიწროებენ კიევსა და ევროპას, ნატოში კი პოლიტიკური განხეთქილება გაჩნდება. ასეთი შედეგი იქნება დამანგრეველი მარცხი დასავლეთისთვის და საჩუქარი ჩინეთისთვის, რადგან სი ძინპინი იწყებს საკუთარი იმპერიალისტური და ექსტრატერიტორიული ამბიციების გაძლიერებას ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით“, - წერს სტატიის ავტორი რობერტ კლარკი.
16-11-2024
16-11-2024