გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ არქივში ჯვრის მონასტრის შესახებ საინტერესო ცნობებს მიაკვლიეს

27-08-2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს ეროვნული არქივში დაცულ მე-19 საუკუნის ფონდის - ,,თბილისის კეთილმოწყობის კომიტეტი" – გადამუშავებისას 1839 წლის ერთ-ერთ საქმეში მოიძებნა 1709 წლის ისტორიული საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შეეხება.

ახლადმიკვლეული დოკუმენტი სარდალ გიორგი ამილახვრის მიერ იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი 1709 წელს გაცემული შეწირულების წიგნია. ამ დოკუმენტით ამილახვარმა თბილისში მდებარე თავისი მამული მშობლების - მამის გივი ამილახვრისა და დედის თამარის (შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V-ის ასული) სულის მოსახსენიებლად შესწირა ტაძარს. დოკუმენტის პირი (გადაწერილი ასლი) ეროვნული არქივის ძველი საბუთების პირების კოლექციაში ამ დრომდეც ინახებოდა და მისი შინაარსი ცნობილი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის საარქივო საქმეში მისი ორიგინალის მიკვლევას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.



იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველების მოღვაწეობასა და მონასტრისათვის ქართველი მეფეებისა და მთავრების შეწირულებათა შესახებ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა კოლექციაში მე-15-მე-19 საუკუნეების 115 დოკუმენტია დაცული. ამ ისტორიული საბუთებით დასტურდება, ქართველი მეფეები და დიდებულები გამუდმებით სწირავდნენ ქონებას იერუსალიმის ქართულ მონასტრებს და იმ სავანეებს, სადაც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ.



ამონარიდი საბუთიდან: ,,ამილახორის ზემო ქართლის სარდლის შვილმან ბატონმან გიორგიმ შემოგწირე... ესე მცირე კნინი შემოსაწირავი საკუთარი ჩვენი ალალი ნასყიდი ადგილი ქალაქს გალავანს გარეთ ხევის გაღმა მოედნისაკენ... სიგძე ადლი ორმოცდახუთი, განი ადლი ოცდახუთია მისის სამართლიანის სამძღვრით უკლებლად მოგართვით და შემოგწირეთ ამა პირსა ზედან, რომელ ვინცა ვინ ეალუსარიმის პატრიარქი დღეს ბძანდებოდეს, ანუ შემდგომად დღეის წაღმა, ყოველ აღდგომის დიდს შაბათს ნათლის გამოსლვის დღეს მამის ჩვენის ამილახვარის გივისათვინ და უძლეველის მეფის პატრონის შაჰნავაზის ასულის დედის ჩვენის ბატონის თამარისათვინ ჟამსა სწირევდენ და მათ შენდობითა და ჩვენ ძეთა მათთაც დღეგრძელობით მოგვიხსენებდნენ თვისის კრებულითა. კიდენ ესეც უნდა გვიყონ რომე ერთი კანდელი დაუნელებლად ქრისტეს საფლავზედ ჩვენ მაგიერობით ენთებოდეს".



საბუთს ახლავს ხუთი ბეჭედი. ოთხი ამილახვრებს, ერთი კი მეფე გიორგი XII-ს ეკუთვნის, რომლითაც მან 1799 წელს დაადასტურა შეწირულება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930