25-07-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Conduct-ის თანადამფუძნებლები სტეფან ლინიგერი და ტილლა ქავენგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
16-11-2024
16-11-2024