26-07-2023
„როდესაც ვიღაც „ცალ ფეხზე დადექი“ და ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას მიგზავნის, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელი იქნება და საკადრის პასუხსაც გავცემ. ეს იქნება ჩემი ღირებული ნაწილი იმიტომ, რომ ევროპელობა არ ნიშნავს პრინციპებზე უარის თქმას.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპელობა პრინციპებსა და ღირებულებებზე უარის თქმას არ ნიშნავს და ჩვენი ვალია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვიდგეთ.
„ამ ხალხის დამოკიდებულება არ იცვლება და ეს არის განადგურებული რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი იარაღი ხელისუფლებასთან საბრძოლველად იმიტომ, რომ სხვა სალაპარაკო არ აქვთ.
ანტიდასავლურობა, ანტიამერიკულობა - ეს აქვთ შირმად, რომ თითქოს ეს ძალა, ვინც ამ სიმართლეზე ვსაუბრობთ, ანტიდასავლურები ვართ - რადგან შენ აკრიტიკებ ამერიკის ელჩს, ესე იგი ამერიკის წინააღმდეგ მიდიხარ. პირიქით, ეს უნდა დავამსხვრიოთ, უნდა გავარჩიოთ, რა არის ნამდვილი ამერიკა და ევროპა, რადგან მთავარი არის ღირებულებითი ნაწილი და არ უნდა შეგვეშინდეს და ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, საზოგადოებაშიც იცვლება განწყობა და ქვეყნის მიმართ შეხედულება, როცა ხედავენ, რომ ამერიკის ელჩი ასეთ რაღაცას კადრულობს. ამას უნდა ვებრძოლოთ, რადგან შეიძლება, ეს ელჩი ამ შემთხვევაში ამერიკას წარმოადგენს, მაგრამ ეს სისტემაა, რომელიც დღეს არის და შეიძლება, ხვალ შეიცვალოს, მოვიდნენ ჯანსაღი ძალები, რომელთაც საფუძვლად ის ღირებულებები ექნებათ, რა ღირებულებებზეც ჩვენ ვდგავართ. ღირებულებითი ნაწილია, რატომაც ჩვენ გვინდა ევროპაში, რაზეც ჩვენ ვჩხუბობდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მარტის დღეებში. ამაზე გვქონდა საუბარი და ამას ვამხელდით ჩვენ, რომ ის არ არის ევროპა, ვიღაცა ევროპარლამენტარი, რომელსაც არც კი წაუკითხავს, ისე აწერს ხელს, არ შეიძლება, ჩავთვალოთ ევროპულ ღირებულებად, ამას უნდა ვებრძოლოთ! პირიქით, ის არის ევროპის მტერი და სანამ ჩვენ პრინციპულად ვიდგებით ამ პოზიციაზე, ის ევროპელიც დაინახავს.
ფეხებზე მკიდია, უნდათ, ანტიდასავლურად ჩამთვალონ, უნდათ - ანტიამერიკულად, მთავარი ღირებულებაა და ღირებულებით ნაწილში თავისუფალი ნება, შენი აზროვნება, შენი შეხედულება უნდა გქონდეს და თუ ეს შეხედულება იმას არ მიესადაგება, რასაც ვიღაც ამერიკის ელჩი, თუ ევროპარლამენტარი ფიქრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოზიცია უნდა შეცვალო. როდესაც ვიღაც „ცალ ფეხზე დადექი“ და ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას მიგზავნის, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელი იქნება და საკადრის პასუხსაც გავცემ. ეს იქნება ჩემი ღირებული ნაწილი იმიტომ, რომ ევროპელობა არ ნიშნავს პრინციპებზე უარის თქმას. დიახ, მე ვარ ქართველი, აქ დავიბადე და დავიცავ იმ პრინციპებს, რომლებიც აქამდე მოიტანეს ჩემმა წინაპრებმა. ზოგი შეეწირა კიდეც მათ ჩვენამდე მოღწევას.
ღირებულება იმას ნიშნავს, რომ შენი ვალია, დაიცვა შენი წინაპრების მიერ აქამდე მოტანილი განძი, რომელსაც ჩვენი ერი და საქართველო წარმოადგენს. უნდა გიხაროდეს კიდეც, რომ გეძლევა შესაძლებლობა, შენი პატრიოტიზმი და ღირებულება დაიცვა სწორედ იმ სიტუაციაში, როცა უჭირს ქვეყანას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024