27-07-2023
ქ. ონში, რაჭის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი- დავით ლორთქიფანიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს- ქრისტინა კობახიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფრანგი არქიტექტორი - ჟან ფრანსუა მილუ, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - როინ მეტრეველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ამირან გამყრელიძე, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის პროექტი და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2024 წლის ზაფხულის თვეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ მუზეუმში დაცული ექსპონატები. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წარმოადგენს ძალიან საინტერესო საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის, ხოლო ახალი მუზეუმი გვაძლევს შესაძლებლობას ყველა ეს უნიკალური ნივთი განთავსდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მუზეუმის საექსპოზიციო სივცის მოწყობის პროცესში ეროვნული მუზეუმის აკადემიკოსებთან ერთად, ცნობილი ფრანგი არქიტექტორი - ჟან ფრანსუა, მილუ მიიღებს მონაწილეობას.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით. მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია და დამხმარე სათავსოები.
აღსანიშნავია, რომ ახალ მუზეუმში განთავსდება წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური და მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.
16-11-2024
16-11-2024