28-07-2023
ჩვენს ქვეყანაში ჩვენი პარტნიორების მიერ მომზადებული დასკვნებით და ანგარიშებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველო არ ასრულებს რუსეთის დავალებებს, არ არსებობს გზა, რომლითაც ხდება სანქციების გვერდის ავლა ჩვენს ქვეყანაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი, ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და გრძნობს პასუხისმგებლობას საერთო მომავალზე და განვითარების პერსპექტივაზე, მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები მინიმუმამდე იქნას შემცირებული და არიდებული.
„მმართველი გუნდის მხრიდან რომ არ გადადგმული არაერთი პრევენციული ნაბიჯი, ჩვენ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით. სამწუხაროდ, კიდევ არის მცდელობები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, მაგრამ ამას წარმატებით ყოველ ჯერზე ნამდვილად ვერ ახერხებენ. დღეს გავრცელდა საჯაროდ ინფორმაცია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მიერ მომზადებული დასკვნებით და ანგარიშებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველო არ ასრულებს რუსეთის დავალებებს, ჩვენი ქვეყანა მუშაობს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვით, პარტნიორების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. არ არსებობს გზა, რომლითაც ხდება სანქციების გვერდის ავლა ჩვენს ქვეყანაში.
ამერიკული მხარის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ჩართულობით ჩამოსულმა დელეგაციამ ძალიან დადებითი დასკვნა დაწერა ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორები აღიარებენ იმ დიდ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ასევე დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში საქართველო მე-13 ადგილზეა საინვესტიციო კლიმატის მდგომარეობით. მინდა ასევე აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს, ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საქართველოში უკეთესი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისკენ და ვფიქრობ, რომ ეს გზა გაგრძელდება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
16-11-2024
16-11-2024