28-07-2023
კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან რობერტ სინკლერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას, აგრეთვე დიდი ინტერესი გამოითქვა საქართველოს ენერგეტიკისთვის სტრატეგიული „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელს ერთმანეთთან დააკავშირებს.
16-11-2024
16-11-2024